ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, პრემიერ-მინისტრს შეხვდა

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, პრემიერ-მინისტრს, მის სამეფო უდიდებულესობა პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს შეხვდა.

ალ-იამამის სასახლეში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

 მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა მიმოიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის და დიდი პოტენციალის მქონე სატრანსპორტო დერეფნის, გაზრდილ როლსა და მნიშვნელობას. საუდის არაბეთის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ უფრო აქტიურად იქნეს ათვისებული საქართველოს პოტენციალი. განსახილველ საკითხებს შორის იყო ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია, საუდის არაბეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და მისასალმებელია, რომ საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საინვესტიციო მიმართულებები. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო საუდის არაბეთისთვის მიმზიდველი ქვეყანაა როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდების, ისე კერძო ბიზნესის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოდან უფრო მეტი ინვესტორის შემოსვლას საქართველოში.