ირაკლი ღარიბაშვილი - დაახლოებით 260 მილიონი იხარჯება რკინიგზის სრულად განახლებისთვის

პრემიერ-მინისტრი

ჩვენ ახლა დავათვალიერეთ განახლებული რკინიგზის სადგური, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, მგზავრებს, რომლებიც ჩამოვლენ პირდაპირ თბილისიდან და არა მხოლოდ თბილისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კოპიტნარის რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მისვლა 5 წუთში იქნება შესაძლებელი. 

„ერთის მხრივ მგზავრებს შეეძლებათ მატარებლით ჩამოსვლა და შემდეგ უკვე თვითმფრინავით გაფრენა ევროპის მიმართულებით. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კომფორტულია და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა. მინდა, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ დაახლოებით 260 მილიონი იხარჯება რკინიგზის სრულად განახლებისთვის. მოგეხსენებათ, რკინიგზის მონაკვეთები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, გასარემონტებელი იყო რკინიგზის სადგურები და ამ სამუშაოებს ჩვენ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში დავასრულებთ.

შედეგად, გვექნება განახლებული რკინიგზის სადგურები და ის სარკინიგზო მონაკვეთები, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს გამტარუნარიანობას და კიდევ უფრო კომფორტული გახდება გადაადგილება ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.