წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1766603738
საქართველო ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ჩვენ გვქონდა კანდიდატის სტატუსი და გაფართოების პროცესში ვიყავით აღქმული პოტენციურ წევრად. ამიტომ, მოთხოვნები, კრიტერიუმები, მათგან მომდინარე განცხადებები და მიღებული გადაწყვეტილებები ამ კონტექსტში არის აღქმული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ვალდებულებები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, თუ უნდა ამა თუ იმ გაერთიანების წევრი გახდეს.
„აშშ-ს არანაირი პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, გარდა იმისა, რომ პარტნიორობს და ამ შემთხვევაში ალბათ სხვა საქმეა. საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ, კალასი მიიჩნევს, რომ ეს ხალხი არ იყო დასასანქცირებელი. არ ჩაუდენიათ ისეთი რამ, რაც სანქცირების მიზეზი შეიძლება, გამხდარიყო. საქართველოსთან მიმართებაში ისიც ხედავს, რომ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა მიმდინარეობს. ევროკავშირის წევრობა როცა გინდა, რაღაც წესებს ხომ ექვემდებარები. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საერთოდ არანაირი ინსტიტუციური ბმა ევროკავშირთან არ გაქვს. თუ შენ ამ დიდი გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, ამ შემთხვევაში, უნდა დაექვემდებარო მის წესებს. არის გარკვეული კრიტერიუმები, ვალდებულებები. თუ არ გინდა წევრობა, შეიძლება ნებისმიერი კავშირი გაწყვეტილი გქონდეს, არც უვიზო მიმოსვლა გქონდეს, არც თავისუფალი ვაჭრობა, მაგრამ ეს უნდა ივანიშვილს და არ უნდა ქართველ ხალხს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანია ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი.
აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკომისიამ, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის ხელისუფლებისგან განმარტებები მოვითხოვეთ. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ“.
მოგვიანებით, აშშ-ის აღნიშნული ქმედება დაგმეს ევროკავშირის ლიდერებმა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ „აშშ-ის გადაწყვეტილება, დააწესოს ევროპის მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები, მიუღებელია და ჩვენი სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა“.