ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხარისხის კონტროლის გაძლიერებაზე გადადის

რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტრომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ხარისხის გაუმჯობესებისა და კონტროლის მიმართულებით. მიღებულია გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც სახელმწიფო ფინანსური ინტერესების დაცვას, ისე კერძო სექტორის სტიმულირებას თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ,,ბიზნესპარტნიორი’’ ისაუბრა.

„სამინისტროში შეიქმნა სპეციალური სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც ზედამხედველობას ახორციელებენ ხარისხის კონტროლის კუთხით. გარდა ამისა, დაწყებულია პროცედურები, რათა ქვეყანაში ლაბორატორიულად გვქონდეს ყველა საჭირო ინსტრუმენტალური კვლევის საშუალება“ -განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურაში გამოვლენილია გარკვეული პრობლემები, არის  შემთხვევები, როდესაც ხარისხი არ აკმაყოფილებს არსებულ სტანდარტებს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის კომპანია, რომლის მიერ შესრულებული სამუშაოები ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს, ვალდებული იქნება საკუთარი სახსრებით გამოასწოროს ხარვეზები კონკრეტულ ვადებში. არც ერთი ზედმეტი თეთრი არ დაიხარჯება სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ბიუჯეტიდან თანხა უკვე გადახდილია“ - აღნიშნა მან.

მინისტრმა ასევე ისაუბრა სამინისტროში პროფესიული ცოდნის გაძლიერებაზე.
„ჩვენი სტრუქტურებში არიან შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტები, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ იმაზეც, რომ მოხდეს საერთაშორისო ექსპერტული ცოდნის ინტეგრირება და გადმოტანა. მშენებლობა ისეთივე დინამიკური დარგია, როგორიც მედიცინა, ყოველდღიურად ჩნდება ახალი, უფრო ეფექტური და ხარჯთეფექტური მიდგომები, რომლებიც საქართველოშიც უნდა დაინერგოს.“

მინისტრის თქმით, საგზაო სამუშაოებში ჩართულ კომპანიებს, რომლებიც ინვესტიციას ჩადებენ ახალი ტექნიკის შესაძენად, ექნებათ გარკვეული შეღავათები.

„გვინდა ბიზნესს გაუჩნდეს სტიმული, განახორციელოს ინვესტიციები ტექნოლოგიურ განახლებაში. ახალ ტექნიკაზე დაფუძნებული მუშაობა ნიშნავს უკეთეს ხარისხს და ნაკლებ რეაბილიტაციებს მომავალში“ -დასძინა მინისტრმა.

მისი განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, სამინისტრო გადადის ახალ ეტაპზე.

„საზოგადოებას, ისევე როგორც მე, ხშირად უჩნდება კითხვა - რატომ კეთდება ერთი და იგივე გზა წელიწადში რამდენჯერმე? ეს არ არის ნორმალური. მეც მიჩნდებოდა პროტესტი, ადრე როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს და ახლა როგორც ამაზე პასუხისმგებელ პირს, როგორ შეიძლება რომ 2 წელიწადში ერთხელ გზა საჭიროებდეს რეაბილიტაციას? ამიტომ ვაცხადებთ, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ასფალტის საფარის დაგება განხორციელდება მხოლოდ მოდიფიცირებული ასფალტით. ეს არის ხარისხის გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი“ - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, სამინისტრომ ბიზნესს მისცა დრო, რათა საკუთარი წარმოება გადააწყონ ახალ სტანდარტზე და მოემზადონ ცვლილებებისთვის.

საგზაო საფარის დაზიანების ერთ-ერთ მიზეზად მინისტრმა დასაშვებზე მძიმე ტვირთების გადაადგილება დაასახელა. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში მაგისტრალებზე განთავსდება სპეციალური სასწორები, რომლებიც შეამოწმებენ და დაარეგულირებენ სატვირთო მოძრაობას.

„დღეს ვდგამთ ნაბიჯებს,  ვმუშაობთ ბევრ რამეზე, რაც შესაძლოა ამ ეტაპზე არ ჩანს, თუმცა უახლოეს მომავალში საზოგადოება თავად შეამჩნევს, როგორ იცვლება ჩვენი ინფრასტრუქტურის ხარისხი და სტანდარტები“-  აღნიშნა რევაზ სოხაძემ.