იმედი მაქვს, სწორად იქნება შეფასებული საქართველოში, მის გარშემო მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ დაჩაგრავენ საქართველოს - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

ევროკავშირის მინისტერიალზე საქართველოს საკითხზე მსჯელობას ეხმაურებიან საქართველოში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სწორად შეფასდება.

„იმედი მაქვს, სწორად იქნება შეფასებული საქართველოში, მის გარშემო მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ გაიმეორებენ იმ შეცდომას, რომელიც ერთხელ უკვე მოხდა -2022 წლის ივნისში და არ დაჩაგრავენ საქართველოს საფუძვლების გარეშე.

ოპოზიციას აქვს მრავალწლიანი ოცნება, როგორმე ქვეყანა და ამ ქვეყნის მოქალაქეები დასანქცირებული იხილოს. ვიცით,რომ წლებია ძალისხმევას არ იშურებენ კულუარებში მუშაობისთვის, იქნება ეს ევროკავშირი თუ ამერიკის შეერთებული შტატები“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს. დისკუსია გაიმართება საქართველოზეც. იმსჯელებენ იმ ზომებზე, რომლებიც ევროპამ გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო უნდა გაატაროს, თუმცა დღეს გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. დოკუმენტი ევროპელ ლიდერებს გადაეცემა.