იმედი მაქვს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობა მალე დასრულდება - ტოსკანის პრეზიდენტი

ტოსკანის პრეზიდენტი

იმედი მაქვს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობა მალე დასრულდება, - აღნიშნულის შესახებ ტოსკანის პრეზიდენტმა ეუჯენიო ჯანიმ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

„საქართველო დიდი ისტორიული და კულტურული ტრადიციების ქვეყანაა და გადამწყვეტ როლს ასრულებს კავკასიის არეალში. აუცილებელია ურთიერთობების განმტკიცება ევროპულ ქვეყნებთან, ეს მით უფრო აუცილებელია რუსეთის ექსპანსიონისტური მისწრაფებებით გამოწვეული დაძაბულობის ფონზე. იმედი მაქვს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობა მალე დასრულდება. იმავდროულად, ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ურთიერთობების განვითარებაზე და მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი დაიწყო“, - აღნიშნა ტოსკანის პრეზიდენტმა.

დავით სონღულაშვილის ტოსკანაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები იტალიის სენატის წევრებთან. ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებაა.