იმედი მაქვს, ამ ინტრიგებით დაკავებული კაცის მორიგ მცდელობას, ახალი ინტრიგა დათესოს, არ ექნება მხარდაჭერა - სარჯველაძე დავით არახამიაზე

mikheil sarjve;adze

"ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ინტრიგებით დაკავებული კაცის მორიგ მცდელობას, ახალი ინტრიგა დათესოს, არ ექნება ფართო გამოხმაურება და ფართო მხარდაჭერა, რადგან რეალობა არის ასეთი - ჩვენ მათკენ, ზოგიერთი მათგანი ეშმაკებისკენ", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს, უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„გულდასაწყვეტია, როცა ასეთ შეფასებებს ვისმენთ, რეალური აღმოჩნდა ყველა ის პოზიცია, რომელიც გამოითქმებოდა და რამდენიმე დღის წინ ვივარაუდე, რომ მაინც იარსებებდა რაღაც ბაცილა, რომელიც იქნებოდა ორიენტირებული იმაზე, რომ რამენაირად შეეცადოს გაამწვავოს, გაართულოს ან გააფუჭოს ურთიერთობები, რაც ორ მოძმე ხალხს, ორ მოძმე სახელმწიფოს შორის არსებობს.

ვივარაუდე, რომ აუცილებლად იარსებებდნენ ადამიანები, რომელთა ღირებულებათა სისტემაში საქართველოში "ომის პარტიის" მხარდაჭერა იქნებოდა უფრო პრიორიტეტული და ასეთი ბაცილა მეთქი -ასე მოვიხსენიე, ოღონდ არა ადამიანზე, საკუთრივ ინტერესზე ვთქვი, რომ შეიძლება ყოფილიყო და გაღვივებულიყო, როგორც ჩანს ამ პროცესს ვადევნებთ თვალს,"- განაცხადა სარჯველაძემ.

დავით არახამიამ “მთავარი არხის“ ეთერში განმარტა, რატომ არ შეხვდა კიევში ჩასულ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას:

„იმ განცხადებების შემდეგ, რაც მათ გააკეთეს, ამ ადამიანების ნახვის აზრს საერთოდ ვერ ვხედავდი. ოპოზიციურ პარტიასთან შესახვედრად წავედი, რადგან ვიცოდი, რომ მათი პოზიცია განსხვავებულია. მანამდე ვკითხულობდი ჩვენი საგარეო დაზვერვის შეფასებას, ვნახულობდი ვინ რა განცხადებებს აკეთებს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია იმისთვის ჩამოვიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო, ერთ-ორი სანუგეშო სიტყვა ეთქვათ და ეჩვენებინათ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესში არიან ჩართული.

იმისთვის, რომ რეალურად იყო ჩართული, ის სანქციები უნდა დაიცვა, რომელსაც მთელი მსოფლიო რუსეთს ადებს. მთელი ევროკავშირი ამბობს, არ გვინდა რუსებს ანგარიშები გავუხსნათ ბანკში და საქართველოში ბანკები მათ სიამოვნებით უხსნიან ანგარიშებს. ხოლო რუსი ბიზნესმენები ხსნიან და არეგისტრირებენ ბიზნესებს საქართველოში“, - განაცხადა დავით არახამიამ.