იმდენად არეულები არიან და დემორალიზებულები, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს რაღაც სიები ჟონავს გდდ-დან - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

ფეიკი და მორიგი ტყუილი - "ქართული ოცნება" ოპონენტების მხრიდან მორიგ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს. დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს სია, რომელშიც, მათი მტკიცებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან. რეალურად კი, გაირკვა, რომ ეს არის რამდენიმე წლის წინანდელი საარჩევნო სია, რომელზეც დატანილი საარჩევნო უბნები "ქართული ოცნების" ოპონენტებმა წაშალეს, თუმცა რამდენიმე პირზე საარჩევნო უბნის ნომერი მაინც დარჩათ. სიაში, ასევე, არიან ხანშიშესული ქალებიც.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მათი ოპონენტები იმდენად არეულები არიან, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ.

"იმდენად არეულები არიან და დემორალიზებულები რადიკალურ ოპოზიციაში, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს რაღაც სიები ჟონავს გდდ-დან. ჯერ იყო რაღაც გეგმაზე საუბრობდნენ და 4 წლის წინანდელი სურათები აჩვენეს, ახლა საარჩევნო სიებით მანიპულირებენ. სინამდვილეში, ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს დემორალიზაციისა და სასოწარკვეთის იმ ხარისხს, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას დამსახურებულად აქვს", - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.