ილია ღუდუშაური ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

მისივე თქმით, ტელეკომპანიის მიერ გადმოცემული მასალა „დამახინჯებული და მტკნარი სიცრუეა“.

„მინდა გამოვეხმაურო "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტებს, რომლებიც მიმართულია ჩემი სახელისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ტელეკომპანიის მიერ გადმოცემული მასალა არის დამახინჯებული და მტკნარი სიცრუე!

თავს ვალდებულად მივიჩნევ, მოკლედ გავაცნო საზოგადოებას, რა მოხდა სინამდვილეში:

1) „ოთმა ფურნიტურე"-სთვის ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა გახდა. კერძოდ, აღნიშნულ კომპანიას დარღვეული ჰქონდა მიწოდების ყველანაირი ვადა. ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ამავე დოკუმენტში ჩადებული პირობის თანახმად, მას გაეგზავნა ოფიციალური გაფრთხილების 9 წერილი და პირგასამტეხლოც დაეკისრა.

2) კომპანიის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულების მიზეზად ტენდერში მის მიერვე დაფიქსირებული არარეალური ფასი სახელდებოდა. ამის გამო, ზემოხსენებული კომპანია ფასის მომატებას ითხოვდა. სატენდერო ხელშეკრულებაში ფასის მომატება იურიდიული ნონსენსი და კანონის უხეში დარღვევაა - არცერთი შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის უფლებამოსილი, აღნიშნული ქმედება ჩაიდინოს.

(სხვათა შორის, "ტვ პირველის" მიერ მომზადებულ სიუჟეტში ძვირადღირებული მერხების შესახებ ტელეკომპანია გაოცებას გამოხატავდა).

3) მაშინ, როდესაც “ოთმა ფურნიტურეს” ხელშეკრულება შეუწყდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო, რიგ საჯარო უწყებებში ​ის უკვე "გაშავებული" იყო. სიუჟეტების მომზადებამდე, "ტვ პირველს" ვურჩევდი, თავისივე არქივს გადახედოს. საზოგადოებას კი შევახსენებ, რომ სექტემბრის თვეში ამავე ტელეკომპანიამ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, თითქოსდა, განათლების სამინისტრომ მერხების შეძენა კორუფციული ინტერესის გამო "გაშავებულ" კომპანიას ანდო.

რაც შეეხება ხელშეკრულების გაფორმებას სახელმწიფო კომპანია "დელტასთან", ვადასტურებ, რომ ხელშეკრულება გაფორმდა დაჩქარებული ვადებით, თუმცა, კანონის სრული დაცვით. აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ უპასუხისმგებლო კომპანიის გამო სასწავლო პროცესის დაწყებას ხელი არ შეშლოდა.

პ.ს. სამი თვის განმავლობაში ვმუშაობდი განათლების სამინისტროში და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ, ამ პერიოდში რა შესყიდვები განხორციელდა, ღიაა ინფორმაცია ხარისხისა და ფასების შესახებაც.

ამ მოკლე დროში სახელმწიფო ბიუჯეტის რამდენიმე მილიონი ლარის დაზოგვა მოხდა.

ვადასტურებ, რომ ამ პერიოდში მაქსიმალურად მკაცრი ვიყავი და ხელშეკრულება ყველა უპასუხისმგებლო კომპანიას კანონის სრული სიმკაცრით შეუწყდა. იგივე მიდგომები აუცილებლად მექნება მომავალშიც, უკვე ახალ თანამდებობაზე, სადაც ახალი საინტერესო გამოწვევები მაქვს,“ - წერს ილია ღუდუშაური.