IDFI-ის ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი რუსეთის მოქალაქეებთან თანამშრომლობას კვლავ არ აღიარებს

ნკ

რუსეთის მოქალაქეებთან ბიზნესპარტნიორობის პარალელურად, IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი მათთან თანამშრომლობას კვლავ არ აღიარებს. საჯარო რეესტრზე გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტის არსებობის მიუხედავად, „ქრონიკასთან“ არ ამჟღავნებს მათ ოფიციალურ მოქალაქეობას, ხოლო სასტუმრო „ქვევრზე“, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში აშენდა, აცხადებს, რომ საკმაოდ წარმატებულია.

კითხვაზე, არის თუ არა რუსეთის მოქალაქეებთან მუშაობა და სახელისუფლებო გუნდის ე.წ. პრორუსულობაში დადანაშაულება ორმაგი სტანდარტი, პასუხის გაცემას თავს არიდებს.

„საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მაქვს ბიზნესი, ძალიან წარმატებული და სასახელო ბიზნესია საქართველოსთვის. რა არის ორმაგი სტანდარტი? რაც წერია საჯარო [რეესტრში] ისეა - აქვთ ორმაგი მოქალაქეობა და მე ბიზნესი მაქვს საქართველოს მოქალაქეებთან“, - აცხადებს კლდიაშვილი.

„იმედინიუსის“ ინფორმაციით, IDFI-ის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქეებთან, გიორგი როჩიკაშვილთან და დავით სპარსიაშვილთან ერთად, კერძოდ, ამ პირებთან ერთად, კლდიაშვილი შპს „ქვევრების“ დაფუძნებელია და კომპანიის 32.32 პროცენტს ფოლობს, გიორგი როჩიკაშვილი 26.2 პროცენტს, ხოლო, დავით სპარსიაშვილი - 5.5 პროცენტს.