"გუშინ რუსთაველის გამზირზე ვიხილეთ გორბაჩოვის თანამოაზრე, "პერესტროიკის" დროინდელი პოლიტიკოსი, რომელიც რუსული აქცენტით გველაპარაკება დემოკრატიაზე და ჭკუას ასწავლის ქართველ ხალხს" - შალვა პაპუაშვილი რასა იუკნევიჩიენეზე

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან გუშინდელ საპროტესტო აქციაზე უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, გაუგებარია რატომ ცდილობენ კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსები მსგავსი ქმედებებით ქვეყნის დაზიანებას.

"ჩვენ ვხედავთ, განსაკუთრებით გამოირჩევიან რატომღაც ბალტიისპირეთის წარმომადგენლები, პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენ გვეგონა, რომ იქნებოდნენ ადამიანები, რომელიც ყველაზე მეტად გაუგებდნენ ქართველ ხალხს და აღმოჩნდა, რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაზე მეტად ერჩიან ქართველ ხალხს. არ ვიცი, რა დავუშავეთ თავის დროზე ამ ადამიანებს, რატომ არიან ასე გადაკიდებული ჩვენს ქვეყანაზე, რატომ უნდათ მისი დაზიანება, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ განსაკუთრებით გამოირჩევიან პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსები, მათ შორის ერთ-ერთი გუშინ ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე, გორბაჩოვის თანამოაზრე, "პერესტროიკის" დროინდელი პოლიტიკოსი, რომელიც რუსული აქცენტით აქ გველაპარაკება დემოკრატიაზე და ჭკუას ასწავლის ქართველ ხალხს. ადამიანი, რომელიც გახლავთ მიხეილ სააკაშვილის მფარველი და მთელი ეს პერიოდი მომართულია, რომ მიხეილ სააკაშვილი რამენაირად დაიხსნას ციხიდან. ეს არის ადამიანი, ქალბატონ რასას ვგულისხმობ, რომელმაც ახლახანს განაცხადა, რომ ის პრობლემები, რომელსაც ზოგიერთი ევროპელი უქმნის საქართველოს, ეს არის ქართველი ხალხის ბრალი, იმ ხალხის ბრალი, რომელმაც "ქართულ ოცნებას" დაუჭირა მხარი. ამიტომ, ამ ადამიანის თვალში "ქართული ოცნების" ამომრჩეველი საერთოდ ამ ქვეყნიდან გასასახლებელია. ამიტომ, ასეთი ადამიანი რომ ცდილობს ქვეყნის პოლიტიკაშიო ჩარევას, გასაგებია, რომ მას არანაირი კეთილი ზრახვა არ აქვს.

მეორეს მხრივ, ეს სამარცხვინო სანახაობა, რასაც ჩვენ უკვე მერამდენედ ვხედავთ რუსთაველის გამზირზე, რაც ოპოზიციამ ქართველი ერის დაკნინების რიტუალად აქცია, როდესაც უცხო ქვეყნის არამკითხე მოამბეების მიმართ ყიჟინა, გაკერპება მიდის. ამას არანაირი კავშირი სუვერენიტეტთან, ქართველობის შეგრძნებასთან არ აქვს საერთო, როდესაც მეხუთეხარისხოვანი პოლიტიკოსები ჩამოჰყვათ, აყენებენ ტრიბუნასთან და მიდის მათი კერპად აღიარება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.