გურამ მაჭარაშვილი - ბერბოკი ჭკუას გვასწავლის, სოციალურ ქსელში მას შეურაცხყოფას თუ მიაყენებენ, თურმე დასჯადი უნდა იყოს, ხოლო პოლიციას სილას რომ გაარტყამს, ისეთი პატიმარი ციხიდან უნდა გამოუშვა

მაჭარაშვილი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს რამდენიმე ასეული შემთხვევა აქვს, როდესაც ასობით მოქალაქეს უჩივლა და ბევრი მათგანი დააჯარიმეს იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში ანალენა ბერბოკს ვიღაცამ „სულელი მინისტრი“ უწოდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართულ ოცნებას“ ჭკუას ასწავლის, თურმე სოციალურ ქსელში ანალენა ბერბოკის შეურაცხყოფა დასჯადი უნდა იყოს და პოლიციელისთვის სილის გაწვნისთვის დაკავებული ციხიდან უნდა იყოს გამოშვებული.

„ჩვენ შეგიძლია ვთქვათ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს რამდენიმე ასეული შემთხვევა, როდესაც გერმანიაში ასობით მოქალაქეს უჩივლა და ბევრი მათგანი დააჯარიმეს იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში ბერბოკს ვიღაცამ „სულელი მინისტრი“ უწოდა. ამის გამო უჩივლა მოქალაქეს და ახლა ჩვენ ჭკუას გვასწავლის, რომ თურმე სოციალურ ქსელში მას შეურაცხყოფას, რომ მიაყენებენ, ეს დასჯადი უნდა იყოს და პოლიციას რომ სილას გაარტყამს, ისეთი პატიმარი ციხიდან უნდა გამოუშვა. უკაცრავად, ქალბატონო ბერბოკ, გაშიფრული ხართ. ეს ორმაგი სტანდარტები არ გამოგივათ, ქართველი საზოგადოება ხედავს, რომ სამწუხაროდ „დიფ სთეითი“, გერმანიაშიც ბობოქრობს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, როგორც ამერიკელმა ხალხმა, ასევე გერმანელი ხალხიც დაამარცხებს „დიფ სთეითს“ გერმანიაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს დაშინების კამპანიას ჟურნალისტების, დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იცავენ თავისუფლებას“.