გურამ მაჭარაშვილი: 2023 წელს, როდესაც ჩვენ დავაინიციირეთ გამჭვირვალობის კანონი, გახსოვთ, როგორი „მეორედ მოსვლა“ მოაყოლეს ამას - ახლა ევროსაბჭო კონსულტაციებს ითხოვს ჩვენგან ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც სიამოვნებით გავაკეთებთ

გურამ მაჭარაშვილი

ახლა უკვე ევროსაბჭო კონსულტაციებს ითხოვს ჩვენგან ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც რა თქმა უნდა სიამოვნებით გავაკეთებთ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

იგი ამგვარად ეხმაურება ევროსაბჭოს თხოვნას საქართველოს მიმართ, გაუზიაროს გამოცდილება უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით.

„2023 წელს, როდესაც ჩვენ დავაინიციირეთ გამჭვირვალობის კანონი, გახსოვთ, როგორი „მეორედ მოსვლა“ მოაყოლეს ამას „ნაცმოძრაობამ“ და მისმა პატრონებმა. აღმოვჩნდით მართლები არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სიმართლე იყო, არამედ იმიტომ, რომ ეს შემდგომში აღიარა უკვე ამერიკიდან ახალმა ადმინისტრაციამ. ეს ასევე აღიარა ევროკავშირის ბევრმა წევრმა ქვეყანამ, იმიტომ რომ თავად მიიღო „ფარას“ მსგავსი კანონი. ახლა უკვე ევროსაბჭო საერთოდ, რეკომენდაციას და დახმარებას, კონსულტაციებს ითხოვს ჩვენგან ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც რა თქმა უნდა სიამოვნებით გავაკეთებთ. დიდი გამოცდილება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, ქვეყანამ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი უცხო ძალების ჩარევისგან”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროსაბჭო უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზრუნვას იწყებს, გამოცდილების გაზიარებას კი საქართველოს სთხოვს. ქართულმა მხარემ მოსაზრებები უკვე მოამზადა და გადაგზავნა.