"გრძელდება ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ვინაიდან ის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტორია" - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

 პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მშვიდობის გარანტორია, სწორედ ამიტომ, გარკვეული ძალების მიერ, სწორედ მასზე გრძელდება ზეწოლა.

მახაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შენარჩუნება გარკვეული უცხოური ძალების ინტერესში შედის.

"არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არიან ძალები, ევროპაში და ევროპის მიღმაც, რომელთა ინტერესიც არის, საქართველოში იყოს არასტაბილურობა. სწორედ, ამის გამო გრძელდება ზეწოლა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ვინაიდან, გასაგები მიზეზების გამო, ის არის ადამიანი, რომელიც არის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტორი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

თემთა პალატაში 15 დეპუტატის წერილი შევიდა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ. დოკუმენტის მიხედვით, პალატამ შეშფოთება უნდა გამოხატოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე და დაგმოს ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში.