1762807115
გორდულაძე: ბრიუსელიდან დავალება მიიღეს, როგორც აგენტს შეეფერება, გამოვიდნენ და იგივე ტექსტი წაიკითხეს, რაც მათთვის ინგლისურ ენაზე იყო გამოგზავნილი
ბრიუსელიდან დავალება მიიღეს, სადაც წერტილ-მძიმის და სიტყვის შეცვლის უფლება არ მისცეს. როგორც აგენტს შეეფერება, აგენტებიც გამოვიდნენ და ზუსტად იგივე ტექსტი წაიკითხეს, რაც მათთვის ინგლისურ ენაზე იყო გამოგზავნილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საპროტესტო აქციის ორგანიზატორების მიერ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ უბედურ დღეში არიან.
„რომელ გულწრფელ პროტესტზეა საუბარი ან ქართველი ხალხის რომელი გადაწყვეტილებაზე, აგენტურის წარმომადგენლები რომ საუბრობენ? ბრიუსელიდან დავალება მიიღეს, სადაც წერტილ-მძიმის და სიტყვის შეცვლის უფლება არ მისცეს. როგორც აგენტს შეეფერება, აგენტებიც გამოვიდნენ და ზუსტად იგივე ტექსტი წაიკითხეს, რაც მათთვის ინგლისურ ენაზე იყო გამოგზავნილი.
ზუსტად ეს არის საცოდაობა, რადგან აგენტებს წერტილ-მძიმის შეცვლის უფლებაც კი არ აქვთ. როცა იმაზე ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში აგენტები გვყავს, ისინი „დიფ სთეითს“ წარმოადგენენ და მათი დავალებების შემსრულებლები არიან, ეს ამ ფაქტითაც დადასტურდა.
ჩვენი ქვეყნის მიმართ „დიფ სთეითის“ ინტერესები არსებობს, ამ ინტერესების გამტარებლები კი ქვეყანაში მოძრაობენ, მათ შორის საღამოობით თბილისის ქუჩებში და კანონს მიზანმიმართულად არღვევენ. ამას ვამბობთ და დიახ, ეს გავრცელებული ინფორმაციითაც დასტურდება.
2023 წელს დავალება მიიღეს, რომ ყველაფერი ქართულისთვის რუსული უნდა დაერქმიათ და ახლაც ანალოგიურად არის. მათ დავალებების შეცვლის უფლება არ აქვთ, აგენტმა მხოლოდ დავალება უნდა შეასრულოს. ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ უბედურ დღეში არიან – აგენტის ბედი ასეთია, როცა აგენტურას ხელს მოაწერ, გიწევს, თავი ასეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო“, - აღნიშნა გორდულაძემ.












