1746474873
გოჩა კაკოიშვილი: სოდ-ის უფროსი ზურა შენგელიას სთავაზობდა, რომ თუ ითანამშრომლებდა გამოძიებასთან და დაწერდა, რომ თითქოს მე ვაწვდიდი ნარკოტიკულ ნივთიერებას და ის შემდეგ ამას ასაღებდა, მისი ოჯახი მიიღებდა აშშ-ს ვიზას

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, „ზილების რევოლუციის“ ერთ-ერთ ფიგურანტმა გოჩა კაკოიშვილმა ისაუბრა.
მისი განცხადებით, სოდ-ის უფროსმა დაიჭირა მისი მეგობარი ზურა შენგელია, შემდგომ კი კაკოიშვილის მიმართ ცრუ ჩვენების მიცემას სთავაზობდნენ თავისუფლებისა და აშშ-ს ვიზის სანაცვლოდ.
„დაიჭირეს ჩემი მეგობარი ზურა შენგელია, სოდ-ის უფროსმა, ისიც შენგელიაა. სოდ-ის უფროსი რასაც მას სთავაზობდა, მხოლოდ ის ვერ შეძლებდა ამას, თუ ეს მითითება არ იყო ძალიან ზემოდან. მე ვგულისხმობ ალბათ სააკაშვილის დონეზე, იმიტომ, რომ ის სთავაზობდა, რომ თუ ითანამშრომლებდა გამოძიებასთან და დაწერდა, რომ თითქოს მე ვაიძულებდი ჩემ მეგობარს, ვაწვდიდი ნარკოტიკულ ნივთიერებას, ის შემდეგ ამას ასაღებდა, ჩემ მეუღლეს ამოუღებდნენ ნარკოტიკებს და დაიჭერდნენ, მერე შემდეგ იძულებული გავხდებოდი მე, რომ ამას ვაღიარებდი, იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე დამეხსნა ციხიდან და შემდგომ რასაც მეტყოდნენ ისინი ყველაფერს უსიტყვოდ შევასრულებდი, ვინაიდან ჩემი მეუღლე ციხიდან გამომეყვანა, ჰპირდებოდნენ, რომ თუ ამას გააკეთებ შენ, გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი ოჯახი მიიღებს აშშ-ს ვიზას და იცხოვრებთ ბედნიერად ამერიკაშიო. რა თქმა უნდა ზურა შენგელია არ დათანხმდა, იმიტომ, რომ ეს არ მოხდებოდა მისი მხრიდან, ერჩივნა სიკვდილზე წასულიყო“, - განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.