გივი მიქანაძე დაჯგუფების შექმნაზე: ეს ძალიან მაღალი რისკის შემცველი გადაწყვეტილებაა, სისხლის სამართლის კოდექსიც კრძალავს მსგავსი ფორმირებების ჩამოყალიბებას. მოვუწოდებ ახალგაზრდებს, დაფიქრდნენ იმაზე თუ რას ჩაუყარეს საფუძველი

გივი მიქანაძე

ეს აქციები არის დაორგანიზებული და ძირითადად მართული იმ ოპოზიციური ძალების მიერ, რომლებიც ვერ ბედავენ ჩრდილიდან გამოვიდნენ და კონკრეტული განცხადებები და მოთხოვნები გააკეთონ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ რადიკალური ძალები იყენებენ ახალგაზრდებს და მართავენ მათ. გივი მიქანაძის განცხადებით, ძალიან მაღალი რისკის შემცველი გადაწყვეტილებაა დაჯგუფებების შექმნა, რომელმაც შესაძლოა კონკრეტული პირები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ დააყენონ.

„ახალგაზრდები აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ, რომ არ მისცენ ამ ძალებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და ამოფარებულები არიან სწორედ ამ ახალგაზრდებს, რომ გამოიყენონ ეს ახალგაზრდები არეულობის და ქაოსის შესაქმნელად. რაც შეეხება იმ მოცემულობას, რაზეც გუშინ გაჟღერდა ინფორმაცია და რაზეც ჩვენ ვიხილეთ ვიდეო ჩანაწერები ერთგვარი დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით, ეს ძალიან მაღალი რისკის შემცველი გადაწყვეტილებაა. თითოეული ის ადამიანი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს. ეს არ არის 90-იანი წლები, როდესაც ერთგვარი ბანდფორმირებები იქმნებოდა; ეს არ არის ის საქართველო, როდესაც სახელმწიფოებრიობის საკითხის არსებობა - არარსებობის საკითხი იდგა; ეს არის შემდგარი ქვეყანა, ეს არის სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველდღიურად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, უსაფრთხოებას. სისხლის სამართლის კოდექსიც კი კრძალავს მსგავსი ფორმირებების ჩამოყალიბებას. მე მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ შეცდომაში შეიყვანეს და უთხრეს, რომ ეს კარგი ინიციატივაა ან კარგი გადაწყვეტილებაა მსგავსი ფორმირების შექმნა, რომ დაფიქრდნენ იმაზე თუ რას ჩაუყარეს საფუძველი, არ მისცენ ამას გავრცელების შესაძლებლობა იმიტომ, რომ ამან შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.