გიორგი ვოლსკი: ვენეციის კომისიამ საერთოდ გაფანტა ყველანაირი ავტორიტეტი, რაც ჰქონდა

გია ვოლსკი

ვენეციის კომისიამ საერთოდ გაფანტა ყველანაირი ავტორიტეტი, რაც ჰქონდა, - ასე შეაფასა გიორგი ვოლსკიმ ვენეციის კომისიის განცხადება საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით. „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ კომისიის საქმე კანონების სამართლებრივი და არა პოლიტიკური შეფასებაა.

„პოლიტიკურ თემებზე გადავიდნენ. საერთოდ არანაირი დასაბუთება არ აქვთ. ვენეციის კომისია არის საექსპერტო კლუბი. მათ უნდა შეაფასონ, რამდენად არის შესაბამისობაში „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის არსებობა, ევროპაში არსებული სტანდარტებიდან და კანონებიდან გამომდინარე. ისინი არ ამბობენ, რომ ეს იყო სადიზმის გამოხატულება - ან არ იყო და ფრთიანი ანგელოზები იყვნენ და არაფერში მტკიცდება, რომ ამდენი ხალხი დახოცეს, აწამეს თუ ღირსება შეურაცხყვეს.

ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიების გაუქმება ცუდია, არ შეიძლება. მეც იმავეს ვამბობ, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. მაგრამ მე მინდა დავამტკიცო, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტია. პოლიტიკური პარტია არ შეიძლება იყოს იმ ხასიათისა და შინაარსის, რასაც დღეს ვუყურებთ. აქედან გამომდინარეობს ჩვენი პოზიცია. ვენეციის კომისია ჩვენს პოზიციას კი არ აკრიტიკებს, შინაარსში კი არ შედის, გეუბნება - არა და მორჩა, დამთავრდა“, - ამბობს ვოლსკი.

✕