გიორგი ვაშაძის განცხადება, რომ ქუჩაში აპოლიტიკური ადამიანები არ დგანან, სახელისუფლებო პარტიისთვის იმის დასტურია, რომ პროტესტი ოპოზიციის დღის წესრიგის ნაწილია - საკითხზე "სტრატეგია "აღმაშენებელში" დამატებითი განმარტება გააკეთეს

სტრატეგია აღმაშენებელი

"ქართული ოცნება" საპროტესტო აქციების ოპოზიციის მიერ ორგანიზებაში, გიორგი ვაშაძის განცხადების შემდეგ, კიდევ ერთხელ დარწმუნდა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის განცხადება, რომ ქუჩაში აპოლიტიკური ადამიანები არ დგანან, სახელისუფლებო პარტიისთვის იმის დასტურია, რომ პროტესტი მათი ოპონენტების დღის წესრიგის ნაწილია.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ აქციაზე გასული ადამიანები სხვადასხვა პარტიას განეკუთვნებიან და იქ წარმოდგენილი ჯგუფები პოლიტიკასთან შემხებლობაში არიან.

გიორგი ვაშაძის ამ განცხადებაზე განმარტების გაკეთება დღეს მისსავე თანაგუნდელებს მოუწიათ. პაატა მანჯგალაძეც ადასტურებს, რომ აქციის მონაწილეებს პოლიტიკური მიზნები აქვთ. "სტრატეგია აღმაშენებელს" ეთანხმებიან "ნაციონალურ მოძრაობაშიც."

მმართველ გუნდი კი დარწმუნებულია, რომ აქციაზე ძირითადად ოპოზიციის ელექტორატია წარმოდგენილი. სახელისუფლებო პარტიის შეფასებით, მათი ოპონენტები მიხვდნენ, რომ მათი მიზნები გაცხადდა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა საპროტესტო აქციებსა და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით განცხადებები ერთ-ერთ პოდკასტში გააკეთა.