გიორგი ვაშაძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხვაზეა დაბარებული

ვაშაძე

გიორგი ვაშაძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე, გამოკითხვაზე, მოწმის სახითაა დაბარებული. ვაშაძის საცხოვრებელ სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გუშინ ღამით იმყოფებოდნენ.

სამართალდამცველებმა შესაბამისი უწყისი, ვაშაძეს უკვე ჩააბარეს. პოლიტიკოსს განემარტა, რომ თუ საგამოძიებო უწყებაში არ მივა, გამოძიება სასამართლოს მიმართავს, რათა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხოს.

"მე მივიღე რაღაც გაუგებარი ფურცელი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს გომელაურს - თქვენ აქ სახელის და გვარის დაწერა შეგეშალათ. რაღაც ზეპირად მითხარით იქ რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება აქციებთან დაკავშირებითო, ამ ყველაფრის ორგანიზატორი არის ბიძინა ივანიშვილი და კობახიძე. ბატონ გომელაურს მივმართავ, დაკითხეთ თუ არა, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე? მიპასუხეთ ამ კითხვაზე და მერე მიიღებთ ჩემგან პასუხს," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.