1756918064
გიორგი ვაშაძე: 4 ოქტომბრის აქცია არის გაბედული, დროული ინიციატივა, შედეგი დამოკიდებულია ჩვენს სიმრავლესა და გამბედაობაზე

4 ოქტომბრის აქცია არის გაბედული და დროული ინიციატივა, შედეგი დამოკიდებულია ჩვენს სიმრავლესა და გამბედაობაზე, – ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ვაშაძის თქმით, 13 სექტემბერსაც და 4 ოქტომბერსაც აქციებში მონაწილეობა გადამწყვეტია.
„ჩემი მკაფიო პოზიცია 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით: 4 ოქტომბრის აქცია არის გაბედული და დროული ინიციატივა, შანსი, კიდევ ერთხელ გავაერთიანოთ საზოგადოება და ვანახოთ რეჟიმს ხალხის ნამდვილი ძალა. ეს დღე არ არის მხოლოდ პროტესტი, ეს არის პასუხი კითხვაზე, ვის ეკუთვნის საქართველო – ერთ ადამიანს და მის ვიწრო ჯგუფს, თუ ქართველ ხალხს? შედეგი დამოკიდებულია ჩვენს სიმრავლესა და გამბედაობაზე. ზუსტად ამიტომ გადამწყვეტია მონაწილეობა ორივე თარიღზე: 13 სექტემბერსაც და 4 ოქტომბერსაც. დავდგეთ ერთად, გაბედულად და მტკიცედ, რათა პასუხი ვაგებინოთ სისტემას, რომელიც ხალხის წინააღმდეგ იბრძვის. მადლობა და სრული მხარდაჭერა ბატონ პაატა ბურჭულაძეს – რუსთაველის გამზირს და ლევან ხაბეიშვილს ამ აუცილებელი, დროული ინიციატივისთვის. 4 ოქტომბერს დავდგეთ ერთად და ვანახოთ რეჟიმს ჩვენი ერთიანობის ძალა!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.