გიორგი ტყემალაძე: ცხადია, ყველაფერი არის მართული და იმ სცენარიდან გამომდინარე, რაც ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ შემოგვთავაზა - ის, რომ თითქოს, ხდება ევროპული კურსიდან გადახვევა

გიორგი ტყემალაძე

რადიკალური ოპოზიციის მიერ ამ ერთი თვის განმავლობაში მიდის მიზანმიმართული პროპაგანდა, რათა მაქსიმალურად მოხდეს ადამიანების შეცდომაში შეყვანა, - ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

გიორგი ტყემალაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ცხადია, ყველაფერი არის მართული და იმ სცენარიდან გამომდინარე, რაც ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ შემოგვთავაზა - ის, რომ თითქოს, ხდება ევროპული კურსიდან გადახვევა, რუსული კანონი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიზანმიმართულია იქითკენ, რომ შეცდომაში შეიყვანონ ახალგაზრდები, ის ადამიანები, რომლებიც გულწრფელად, ნამდვილად არიან ორიენტირებული იმაზე, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და იყოს წარმატებული. სინამდვილეში, ამ ერთი თვის განმავლობაში მიდის მიზანმიმართული პროპაგანდა, რათა მაქსიმალურად მოხდეს ადამიანების შეცდომაში შეყვანა.

რომ გავიაზროთ, რა მოხდა ამ ბოლო წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ყველა ის წარმატება, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა. ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი შრომის ფასად - ასოცირების ხელშეკრულებიდან დაწყებული, ვიზალიბერალიზაციითა და კანდიდატის სტატუსით დამთავრებული. ჩვენ გვახსოვს, ერთი წლის წინ როგორი მცდელობა იყო იმის, რომ თითქოსდა, ჩვენ ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემა გაგვაჩნდა. საკანონმდებლო ჰარმონიზაციის, ადამიანის უფლებების დაცვის თუ სხვა მიმართულებითაც, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა“, - აღნიშნა ტყემალაძემ.