გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: რამდენიმე ათეული, სახედაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე

გიორგი სოსიაშვილი

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო, მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდნენ "ლელოს" ლიდერები, რომლებმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვეს.

კოლეგების მხრიდან ბულინგისა და ზეწოლის მიუხედავად, "ძლიერი საქართველო", მარათონში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას არ ცვლის. ამბობენ, რომ ყოფილი პარტნიორების აზრი მათზე გავლენას ვერ მოახდენს.

"ნაციონალური მოძრაობა" და ბოიკოტში მყოფი სხვა პარტიები "ლელოს" ისევ ღალატში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებზე.

მმართველ გუნდი ოპოზიციაში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი ოპონენტების მთავარი მიზანი პროცესების რადიკალიზაცია და პოლიტიკური რეალობის შეცვლაა.

"ასეთი გამოხტომები მათი მხრიდან არახალია. ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფრით უკვე დაიღალა - რამდენიმე ათეული, სახედაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე. გახსოვთ, ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როცა რამდენჯერმე მიიტანეს შტურმი ჩვენი სახელმწიფოს მთავარი ინსტიტუციის - პარლამენტის წინააღმდეგ, ძალადობდნენ პოლიციელებზე, ლამის გადაწვეს ჩვენი დედაქალაქი, თავიდანვე დამარაგებული ჰქონდათ აღჭურვილობა, მსხვილი, მდიდარი ენჯეოების დაფინანსებით. ამჯერად, უკვე ინერციით მოდიან. დავესესხები ჩვენს ერთ დიდებულ მწერალს, გურამ რჩეულიშვილს - სასაცილომდე მისული ინერციაა ეს ყველაფერი", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.