გიორგი სოსიაშვილი: ხელისუფლებას სურს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართველ ხალხს დაუბრუნოს თავისი ღირსება, ჩამორთმეული ღირსება, რომელიც შეშლილთა ბანდამ წაართვა ჩვენს საზოგადოებას

გიორგი სოსიაშვილი

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, შეშლილთა ხროვა მართავდა ქვეყანას და ეს ჩვენი საცოდავი ხალხი აღმოჩნდა ამ უბედურებაში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით.

მისი თქმით, საპარლამენტო კომისიის მუშაობიდან ძალიან მარტივად და ნათლად ჩანს, თუ რასთან გვაქვს საქმე, რომ ეს იყო დანაშაულებრივი რეჟიმი.

„ხელისუფლებას სურს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართველ ხალხს დაუბრუნოს თავისი ღირსება. ჩამორთმეული ღირსება, რომელიც შეშლილთა ბანდამ წაართვა ჩვენს საზოგადოებას. ამ დიდი ისტორიის, დიდი კულტურის მქონე საზოგადოებას მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს ასეც იქნება.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ამაზე სამარცხვინო პერიოდი არ არსებობს. ვგულისხმობ ამ „ნაცბანდის“, ამ რეჟიმის მიერ მართულ პერიოდს, როდესაც მთელ ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხეს, საზოგადოება შეურაცხყვეს, ღირსება აყარეს ათი ათასობით ადამიანს და ახლაც ჩვენს თვალწინ სააშკარაოზე გამოდის ეს ყველაფერი კომისიაზე გამოკითხული ადამიანების [მიერ]. იმ ადამიანების, რომლებიც იყვნენ მონაწილენი, მსხვერპლნი ამ რეჟიმისა და ვხედავთ, რომ ძალიან, ძალიან მძიმე ამბების მომსწრენი ვართ ჩვენ. პირდაპირ გეტყვით, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. როდესაც ვუსმენდი მათ გამოკითხვებს, საუბარი იყო თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ომზე, რა მდგომარეობაში ჩაცვივდა ჩვენი ხალხი, როგორ მიატოვეს ჩვენი მოსახლეობა და არად დაგიდევდნენ ჩვენი ხალხის საზარბაზნე ხორცად ქცევას, ეს არის ამაზრზენი. ამაზე მეტი ანტიქართული ქმედება რა უნდა ჩაიდინოს ადამიანმა, ამაზე მეტად როგორ უნდა სძულდეს საკუთარი სამშობლო, რომ ასე ჩააბაროს, მტერს ლანგრით მიართვას ეს ტერიტორიები, უძველესი ქართული სოფლები. მიატოვოს ბედის ანაბარა თავისი ხალხი, გაწიროს თავისი ხალხი და მერე ეს მხრების აჩეჩვით ელაპარაკო საზოგადოებას, ერთმანეთის გადაბრალებაში იყვნენ. ძალიან მარტივად და ნათლად ჩანს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ეს იყო დანაშაულებრივი რეჟიმი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, შეშლილთა ხროვა მართავდა ქვეყანას ამ ხნის განმავლობაში და ეს ჩვენი საცოდავი ხალხი აღმოჩნდა ამ უბედურებაში“, - აღნიშნა მან.