გიორგი შარაშიძე: პოლიტიკოსი იქნება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა მართებთ, რათა მათ მიერ გავრცელებულ განცხადებებს საქართველოსთვის საფრთხე არ მოჰყვეს

გიორგი შარაშიძე

რამდენადაც მავნებელი არ უნდა იყოს „ოცნება“, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ და მთელი მსოფლიო ვართ, ყველას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მართებს, რადგან ამ ქვეყანაში მშვიდობა ყველაზე დიდი ღირებულებაა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ „ტვ პირველის“ ეთერში თინა ხიდაშელის განაცხადების შეფასებისას თქვა, რომლის მიხედვით: „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.

როგორც გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობა შევინარჩუნოთ. პოლიტიკოსი იქნება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, ვისაც ხალხი უსმენს და უყურებს, მნიშვნელობა არ აქვს, გაცილებით უფრო მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა მართებთ, რათა მათ მიერ გავრცელებულ განცხადებებს საქართველოსთვის რაღაც სახის საფრთხე არ მოჰყვეს. ვიდრე რეგიონში ასეთი ვითარებაა, ასეთი სახის განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავონ. ისტორია შეაფასებს ასეთ განცხდებებს და ამ ადამიანების ქმედებებს. ასეთი განცხადებები უპასუხისმგებლობაა. ეს არ ნიშნავს, რომ „ოცნების“ მიმართ ან კრიტიკულები აღარ ვართ, ან პრეტენზია აღარ გვაქვს, ეს ყველაფერი ძალაშია, მაგრამ ვიდრე ასეთი ვითარებაა, გაცილებით თავშეკავებული განცხადებები უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.