1762805268
გიორგი შარაშიძე: PACE-ს დელეგაციასთან შეხვედრაზე ვაღიარეთ, რომ პარლამენტის, მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტი იყო შეცდომა, რასაც დაერთო „მშვიდობიანი დამხობისკენ“ მოწოდებები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. გავაცანით საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია, მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რატომ მივიღეთ პარლამენტში დაბრუნების გადაწყვეტილება, როგორ ვაპირებთ საპარლამენტო მუშაობის გაგრძელებას, რომ პარალამენტში დავაბრუნოთ ხალხის ხმა, განსხვავებული აზრი და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი და, ზოგადად, ევროპული იდეა გადავარჩინოთ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის წევრებმა PACE-ს დეგელაციას აუხსნეს საქართველოში შექმნილი ვითარება, რომელიც პარლამენტის ბოიკოტით დაიწყო.
„ჩვენ მათთანაც ვაღიარეთ, რომ ეს შეცდომა იყო, ავუხსენით, რატომ იყო ასევე შეცდომა და დამაზიანებელი პოლიტიკური პროცესისთვის მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტი, რასაც დაერთო ე.წ. მშვიდობიანი დამხობისკენ მოწოდებები და, რაც საბოლოოდ დაგვირგვინდა 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციით“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მისი თქმით,PACE-ს დელეგაციამ „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია არა მხოლოდ 4 ოქტომბრის, არამედ იმ განვითარებული პროცესების შესახებ, რასაც ადგილი აქვს საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
კითხვაზე, რა პასუხი მოისმინე PACE-ს დელეგაციის წევრებისგან, გიორგი შარაშიძემ თქვა, რომ „ამ ტიპის შეხვედრები პოზიციების დაფიქსირებას არ ითვალისწინებს, ეს მათი მანდატი არ არის“.
„მათი მანდატია ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის წარდგენა. დეტალურად არიან საქმის კურსში იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც, განსაკუთრებით, 4 ოქტომბრის გარშემო განვითარდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას დავუფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ქართველ ხალხს უნდა შეუნარჩუნდეს. ეს არის ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლისა და შრომის მონაპოვარი, მიუხედავად იმისა, რას აკეთებს „ქართული ოცნება“ და რამდენად აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ არ შეიძლება ისეთი დიდი იდეის, როგორიცაა საქართველოს ევროპული მომავალი გამოყენება არც „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალაუფლების შესანარჩუნებლად და არც ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათ ქვეშ მყოფი სხვა დანარჩენი პარტიების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის არ შეიძლება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები პარლამენტში შეხვედრებს დილიდან მართავენ. თავდაპირველად ისინი დახურულ კარს მიღმა პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ, შემდეგ ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს. PACE-ს დელეგაციის შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებთან და ფრაქციებთან საკანონმდებლო ორგანოში დღის ბოლომდე გაგრძელდება.











