1762807115
გიორგი შარაშიძე: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენის გადაფარვასთან არის დაკავშირებული
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბოლო ორი წლის განმავლობაში სტაბილურად დამაკმაყოფილებელია და „ოცნებამ“ გასცეს პასუხი, რატომ გადაიყვანეს მაინც და მაინც გუშინ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის დაკავშირებული გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენის გადაფარვასთან.
„მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას იმიტომ არ ვითხოვდით, რომ ვინმეს ციხეში, საპატიმროში ყოფნა გვინდა. იმიტომ ვითხოვდით, რომ სამართალი ყველასთვის სამართალი უნდა იყოს და ყველა პატიმარი თანაბარ პირობებში უნდა იყოს. „ოცნების“ მიმართ კითხვა მიჩნდება, სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა ახლა თუ გადაწყვიტეს იმ საბაბით, რომ თითქოს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, გუშინ გაუმჯობესდა? გიორგი გახარიას მიმართ ბრალის წარდგენიდან ოთხ საათში გაუმჯობესდა და იქამდე ცუდად გრძნობდა თავს მიხეილ სააკაშვილი? ერთი წლის წინ უფრო ცუდად გრძნობდა თავს? მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბოლო ორი წლის განმავლობაში სტაბილურად დამაკმაყოფილებელია და „ოცნებამ“ გასცეს პასუხი, რატომ გადაიყვანეს მაინც და მაინც გუშინ. ეს დაკავშირებულია გახარიასთვის ბრალის გადაფარვასთან. „ოცნებამ“ კარგად იცის, რომ ის ბრალი, რომელიც გახარიას წაუყენეს, იმდენად აბსურდულია, განსაკუთრებით ჩორჩანას ეპიზოდზე, რომ საკუთარ ამომრჩევლებშიც კი, გაშმაგებული პროპაგანდის მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებენ ამ ინფორმაციის ბოლომდე მიტანას. ამიტომ, მათ სავარაუდოდ, გადაფარვა სჭირდებოდათ და გადაფარეს ამ თემით, რომ აქტუალური აღარ ყოფილიყო ასეთი აბსურდული ბრალის გიორგი გახარიასთვის წარდგენა. სხვა შემთხვევაში, ვერ ვხსნი იმას, მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ გაუმჯობესდა გუშინ. ეს ვერსიაა და ამას არ ვამტკიცებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი დამთხვევები შემთხვევით არ ხდება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.












