1745397302
გიორგი კალანდარიშვილი: ცესკოს მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის გაგზავნილი ღია წერილით ჩვენ დავადასტურეთ, რომ ჩვენთვის ევრო ინსტიტუტები და მათთან თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი

რაც შეეხება ევროსაბჭოს რეზოლუციას და ჩვენს ღია საჯარო წერილს, ღია წერილით ჩვენ დავადასტურეთ, რომ ჩვენთვის ევრო ინსტიტუტები და მათთან თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავდროულად ამით ჩვენ ისიც აღვნიშნეთ, რომ მათთან სწორი კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ევროსაბჭოს რეზოლუციასა და ცესკოს ღია წერილზე საუბრისას.
„იქიდან გამომდინარე, რომ რეზოლუციაში ამოვიკითხეთ ისეთი შემთხვევა, რომლითაც მოუწოდებდნენ ცესკოს ამ დადგენილების ცვლილებას თუ გაუქმებას, მე ვფიქრობ, რომ მათ რომ ჰქონოდათ ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარისგან სათანადო ინფორმაცია, ასეთ რეზოლუციას შეიძლება ადგილი არ ჰქონოდა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის სწორი კომუნიკაცია და თანამშრომლობა. პარტნიორობა ნიშნავს ინფორმაციის მიმოცვლას, ინფორმაციის გადამოწმებას. მე ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში ეს რეზოლუცია არის გამოძახილი იმ არასწორი ინფორმაციების, რომელიც ევრო ინსტიტუტებს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიაწოდა სხვადასხვა ჩართულმა მხარემ, რაც გახდა საფუძველი ამ დადგენილების მიღების. სხვა შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ამ დადგენილებამ გაიარა შესაბამისი სასამართლო ინსტანციები და ვერც ერთ ინსტანციაში ვერ იქნა სამართლებრივი არგუმენტაცია წარდგენილი, რომელიც საპირისპიროს დაამტკიცებდა თუ რატომ არის ეს დადგენილება კანონშეუსაბამო“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 22 აპრილს ღია წერილით მიმართა.