გიორგი კალანდარიშვილი: ეს არჩევნები რამდენიმე გარემოების გამოა მნიშვნელოვანი და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ როგორც სტანდარტების გათვალისწინების კუთხით, ასევე შესაბამისი დაგეგმვისა და ადმინისტრირების თვალსაზრისით იყოს მაღალ დონეზე

გიორგი კალანდარიშვილი

ეს არჩევნები რამდენიმე გარემოების გამოა მნიშვნელოვანი და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ როგორც სტანდარტების გათვალისწინების კუთხით, ასევე შესაბამისი დაგეგმვისა და ადმინისტრირების თვალსაზრისით იყოს მაღალ დონეზე, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს არჩევნები რამდენიმე გარემოების გამოა მნიშვნელოვანი. პირველი, ალბათ ის არის, რომ ეს არჩევნები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ქოლგის ქვეშ პირველად ჩატარდება და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი ინსტიტუციისთვის, რომ შესაბამისი სტანდარტების, კარგი საერთაშორისო პრაქტიკა იყოს გათვალისწინებული, რათა შესაბამისი სტანდარტებით უზრუნველვყოთ არჩევნების ადმინისტრირება. მეორე კუთხით მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკური საარჩევნო სისტემა შეიცვალა და გადავდივართ მხოლოდ პროპორციულ არჩევნებზე. ამ კუთხითაც ამომრჩევლებისთვის საინტერესო იქნება, რომ 26 ოქტომბერს აირჩიონ თავიანთი სასურველი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც წარმოადგენს მათ ინტერესებს. მესამე და მნიშვნელოვანი, ეს არის ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური ინტერვენცია, რომელიც რა თქმა უნდა, დიდ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი ინსტიტუციისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ როგორც სტანდარტების გათვალისწინების კუთხით, ასევე შესაბამისი დაგეგმვა, ადმინისტრირება იყოს მაღალ დონეზე, რაც მთელი ინსტიტუციის დიდ სამუშაოებზე, აქტივობებზე და ჩართულობაზე დგას. ასევე, ადამიანურ რესურსზე, რომელიც მობილიზებულია“,- განაცხადა კალანდარიშვილი.

მან ასევე ისაუბრა არჩევნებში სხვა ფაქტორებისა და ინსტიტუციების ჩართულობის მნიშვნელობაზეც.

„რა თქმა უნდა, არჩევნებზე ცენტრალური პასუხისმგებლობა არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაგეგმარებაზე და შემდგომ აღსრულებული ქვემდგომ კომისიებში, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არჩვნები საერთო საქმეა და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ პროცესში დამკვირვებლების მიუკერძოებელი, ობიექტური, ნეიტრალური დაკვირვება. მნიშვნელოვანია მედიასაშუალებებისგან ამომრჩევლის სწორი ინფორმირება, როგორც სიახლეზე, ასევე, სამზადისზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამომრჩევლის აქტიურობა, ჩართულობა, ინფორმირებულობა. ამ ყველა კომპონენტის ჩართულობით განხორციელდება საერთო საქმე, რასაც არჩევნების ჩატარება ჰქვია“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.