გიორგი ჯინჭარაძე: ჩემთვის ემოციურია, დღეს ვიდგე აქ, ვუყურებდე მამაჩემის, მიხეილ ჯინჭარაძის სურათს და კანდიდატად ვიყო წარდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე

გიორგი ჯინჭარაძე

ჩემთვის ემოციურია, დღეს ვიდგე აქ, ვუყურებდე მამაჩემის, მიხეილ ჯინჭარაძის სურათს და კანდიდატად ვიყო წარდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მე რაც შემიძლია ჩემი კუთხით ვთქვა, რომ ჩემი შრომა, ჩემი ენერგია იქნება აბსოლუტურად მიმართული დევნილთა საჭიროებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე და არც დროს არც ენერგიას არ დავზოგავ ამაში, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გამოსვლისას.

ჯინჭარაძის თქმით, მისი მოტივაცია დევნილი საზოგადოების პრობლემების გადაჭრა იქნება.

„მე ზოგადად იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, აფხაზეთის ომის შვილების წარმომადგენელი. იმ შვილების, რომელთა მშობლებმაც გაიარეს ძალიან მტკივნეული გზა და ეს ტკივილი ღირსეულად ატარეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს იმის რესურსი ჩვენი დევნილი საზოგადოების გამოწვევები გადავჭრათ ოპტიმალურად, რაციონალურად ქმედითი ნაბიჯებით და ჩემი მოტივაცია იქნება ამ პრობლემების გადაჭრა. ყველაზე მთავარი, რაც არის, ეს არის აფხაზეთში დაბრუნება. ეს არის ჩვენი მისია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ამ მიზნის ირგვლივ, თითოეული ჩვენგანი, თითოეული დევნილი ვალდებულია, ამ გზას გავყვეთ და არ გადავუხვიოთ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ნდობა დღეს გამართულ სხდომაზე გამოუცხადა.

მთავრობის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აფხაზეთის მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.