1771531835
გიორგი გახარია მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე არ იმყოფებოდა სურათების გადასაღებად... როდესაც დრო დადგება, ამის შესახებ ის აუცილებლად ისაუბრებს - ტატა ხვედელიანი
გიორგი გახარიას და მის გუნდს ამ დრომდე არ გაუსაჯაროებიათ მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა, თუმცა მისი გუნდის წევრები კვლავ ამტკიცებენ, რომ მათი პარტიის ლიდერი კონფერენციას ესწრებოდა და მაღალი რანგის შეხვედრები გამართა. როგორც ტატა ხვედელიანმა განაცხადა, გიორგი გახარია საერთაშორისო კონფერენციაზე ფოტოების გადასაღებად არ ყოფილა, შეხვედრების შესახებ კი თავად ისაუბრებს, როდესაც ამის დრო დადგება.
"გიორგი გახარია მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არ იმყოფებოდა სურათების გადასაღებად. ის იმყოფებოდა ღონისძიებაზე იმისთვის, რომ მას ჰქონდა მაღალი რანგის შეხვედრები და როდესაც დრო დადგება, ამის შესახებ ის აუცილებლად ისაუბრებს და ჩვენ აუცილებლად გავასაჯაროებთ," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა.
აღსანიშნავია, რომ, ჯერ კიდევ 13 თებერვალს, პარტიამ Facebook-ზე დადო ანონსი, რომ გახარია მიუნხენის კონფერენციას დაესწრებოდა და ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავდა, თუმცა კონფერენცია ისე დასრულდა, რომ გახარიას არანაირი შეხვედრის ამსახველი მასალა არ გაუსაჯაროებია. გიორგი გახარია მიუნხენის კონფერენციაზე გასულ წელს იმყოფებოდა, მის სოციალურ ქსელში შეხვედრების ამსახველი არაერთი ფოტო იძებნება. "ქართული ოცნება" ეჭვობს, რომ წელს ის კონფერენციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა და საზოგადოება მიზანმიმართულად მოატყუა.










