გიორგი გახარია - 20 ივნისის ღამეს რაც მოხდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად ჩემზე

გიორგი გახარია

 20 ივნისის ღამეს რაც მოხდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად ჩემზე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, არავის არანაირი კანონი არ დაურღვევია.

„ყველა ინტერვიუში, ოფიციალურ ჩვენებაშიც ნათქვამი მაქვს, რომ იმ ღამეს რაც მოხდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ჩემზე. რაც შეეხება მცდელობას, თითქოს პოლიციელს რაღაც დავაბრალე. არც ერთ პოლიციელს კანონი არ დაურღვევია. ყველა პოლიციელს პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად ჰქონდა რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება თვითმოგერიების რეჟიმში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

მე პოლიციელებს კი არ ვაბრალებდი რამეს, ყოველთვის ვიცავდი და სწორედ ამიტომ ვამბობდი, რომ ამ ღონისძიებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად ჩემზე. რაც შეეხება ბრძანებას, ბრძანებასთან დაკავშირებით, ვიმეორებ, რომ, რა თქმა უნდა, აგრესიული და შტურმში გადაზრდილი აქციის დაშლის ბრძანება მე გავეცი. ამას ყოველთვის ვამბობდი. დიახ, მე გავეცი. პოლიციელებს, რომლებმაც გამოიყენეს ეს რეზინის ტყვიები, მათ პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად სრული უფლება ჰქონდათ, ამ რეზინის ტყვიების გამოყენების. არავის არანაირი კანონი არ დაურღვევია. ორი სხვადასხვა განზომილება არსებობს. რეზინის ტყვიების გამოყენება მოგერიების რეჟიმში და რეზინის ტყვიების გამოყენება აქციის დაშლის კონტექსტში. ეს არის და ეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.