გიორგი გაბუნია ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის რეგულაციების გამკაცრებაზე: გვახსოვს რა ამბავი დაატრიალეს, როდესაც საქართველომ გადაწყვიტა, გამჭვირვალობის კანონი მიეღო. ეცადნენ, რომ გაღვივებულიყო სამოქალაქო დაპირისპირება

გიორგი გაბუნია

კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის რეგულაციების გამკაცრებას ეხმაურება.

როგორც მან „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა, საქართველოს მოსახლეობას კარგად ახსოვს, თუ რა ამბავი დაატრიალეს შიდა და გარე აქტორებმა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „გამჭვირვალობის კანონი“ მიიღო.

გიორგი გაბუნიას თქმით, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს შუღლის გასაღვივებლად გამოეყენებინათ.

„საინტერესოა სად არის ვენეციის კომისია ამ საკითხთან დაკავშირებით?! თუ გაახმოვანა საკუთარი პოზიცია? ან სად არის დეგნანი, დანიგანი? სად არის მიხაელ როთი, რომელიც შარშან პრაქტიკულად ქართული პოლიტიკის აქტიურ წევრად მოგვევლინა? სად არიან კუბილიუსი და მისი კოლეგები? ჩვენ გვახსოვს რა ამბავი დაატრიალეს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და „გამჭვირვალობის კანონი“ იქნა მიღებული იმ მიზნით, რომ საქართველოს საშინაო სივრცე მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული.

გვახსოვს ამ კანონთან დაკავშირებით მთელი რესურსი - „მედიააგენტურა“, „ენჯეოაგენტურა“ და „პოლიტაგენტურა“ იყო მობილიზებული ამ საკითხთან დაკავშირებით, აქციები ყოველდღიური, ხელოვნურად დადგმული წარმოდგენები და მაქსიმალური მცდელობა იმისა, რომ გაღვივებულიყო სამოქალაქო დაპირისპირება, გაღვივებულიყო შუღლი საზოგადოებაში. უნდა ითქვას, რომ ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც ეს. გვახსოვს, როგორ უტევდნენ ხელისუფლებას შიგნიდან თუ გარედან. ამ დროს კანონი მარტივად, გასაგები ენით მიუთითებდა ერთადერთ მოთხოვნაზე, რომ წარმოდგენილიყო დეკლარაცია და ყოფილიყო თითოეული თეთრი გამჭვირვალე, იმ თანხის თაობაზე, რომელიც მოედინებოდა ქართულ პოლიტიკაში და რომელსაც ჰქონდა არაჯანსაღი მიზნები“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

მისი თქმით, დღეს ევროპარლამენტისგან ვისმენთ განცხადებებს, რომ თურმე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა თანხები მიედინება ევროკავშირის ქვეყნებში.

„ე.ი. ჩვენ ვართ ასეთი მოცემულობის წინაშე, რომ „ძალა აღმართ ხნავს“ და ის, რაც მათთვის მისაღებია, საქართველოსთვის არ შეიძლება. იმიტომ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და თურმე საქართველოს შეიძლება მისცე ისეთი დირექტივები, რომელიც მხოლოდ მათ ინტერესშია. არ შეიძლება, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, რა ფული შემოდის, რისკენ მიემართება“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ევროკავშირმა გამჭვირვალობის კანონი გაამკაცრა - ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.