გიორგი ჭოლაძე გახარიაზე 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით: ის გადაწყვეტილებებს არავის უზიარებდა, თვითონ იღებდა

გიორგი ჭოლაძე

სამართლებრივი პრობლემის დანახვა ჩემი შეფასების ნაწილი არ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, გახარია, თავად ამბობდა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეო არ ვიცი, რა პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ ასე ამბობდა, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა გიორგი ჭოლაძემ, რომელიც 20 ივნისის საქმეზე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

მან გაიხსენა ის მოვლენები, რომელთა მოწმეც იგი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს პარლამენტის შენობაში გახდა.

„მე ვიყავი იმ ყველაფრის შემსწრე, რაც იქ ხდებოდა. პარლამენტის შენობაში, ზვიად ძიძიგურის იყვნენ ოთახში დეპუტატები, ხალხის მიერ არჩეული სამოქალაქო პირები, რომლებიც იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. ერთი ოთახი იყო იქ მხოლოდ, სადაც იჯდა გერმანიის ელჩიც, დეპუტატები - ზოგი ფეხზე იდგა, ზოგი იჯდა, მე. და იყო მოსასვენებელი ოთახი, საიდანაც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გასცემდა ბრძანებებს. გახარიამ მე პირადად მითხრა, რომ ჩემებმა ამოიყვანესო [გერმანიის ელჩი], რუსთაველზე სეირნობდაო, წარმოუდგენელი ამბავია. მე პირადად ვუთხარი, რომ მისი იქ ყოფნა იყო კატეგორიულად მიუღებელი“, - განაცხადა ჭოლაძემ.

კითხვაზე, პრემიერს შინაგან საქმეთა მინისტრი პოსტ ფაქტუმ უზიარებდა გადაწყვეტილებებს, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა განაცხადა:

„თუ გულისხმობთ ოპერატიულ ნაწილს, ის არავის უზიარებდა, ის თვითონ იღებდა ამ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება მესიჯს, რაზეც პრემიერმა მაშინ განცხადება გააკეთა - ნორმალური პროცესია, როდესაც მინისტრი პრემიერ-მინისტრს ეუბნება, კონკრეტულ შინაარსთან დაკავშირებით რა უნდა ისაუბროს. შესაბამისად, მან უთხრა, ჩვენ არ ვაპირებთ, ამის [აქციის დაშლის] საჭიროება არ არის. პრემიერმა განცხადება გააკეთა - დადგა პრესასთან და უთხრა, ჩვენ არ ვაპირებთ ამის გაკეთებას. რამდენიმე წუთში კი დაიწყო დემონსტრაციის დარბევა“, - აღნიშნა გიორგი ჭოლაძემ.

საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისისა და ჩორჩანას ეპიზოდებზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.