1692302192
გიორგი ბოტკოველი: გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის აუცილებელია გახარიას წარმომადგენლების ხელმოწერა, თუ სურთ, რომ ნამდვილად ოპოზიციად წარმოჩდნენ

გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის აუცილებელია გახარიას წარმომადგენლების ხელმოწერა თუ სურთ, რომ ნამდვილად ოპოზიციად წარმოჩდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმპიჩმენტისთვის საჭიროა 12 ხმა და საკრებულოს ოპოზიციურ წევრებით შესაძლებელია, ამ ხმების მოპოვება.
„ჩემი შეფასება ამ ყველაფერს აღარ სჭირდება, უკვე შეაფასა სრულიად საზოგადოებამ ის სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან, თუმცა ეს არავის არ გაჰკვირვებია.
არაერთი მისი განცხადება მოგვისმენია, რომელიც პირდაპირ ჯდება რუსულ ნარატივში და იმ პოზიციაში, რა პოზიციაც აქვს ზოგადად დღევანდელ ე.წ ხელისუფლებას. მან დააფიქსირა „ოცნების“ ის პოზიცია, რომელსაც მუდმივად ვისმენთ. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამას აკეთებს გორის საკრებულოს თავმჯდომარე, ნაომარი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც პირდაპირ დავალებას ასრულებს ივანიშვილისას და ეს არის მათი რეალური სახე.
რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას, ჩვენ გუშინვე დავიწყეთ აღნიშნული პროცედურა, სადაც ჩვენ გვყავს 9 საკრებულოს წევრი, აღნიშნულ საკითხს სჭირდება 12 ხმა. რეალური ოპოზიციის შემთხვევაში 12 ხმა არის შესაძლებელი, ჩვენ უკვე მეორე დღეა ველოდებით „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს. პირველ ეტაპზე უარი განაცხადეს, შემდეგ თითქოს ჩვენ დავაბრალეთ, რომ მათ უარი განაცხადეს და მერე ვითომ გამოასწორეს და განცხადება გაავრცელეს. თუმცა, საღამოს ეს ადამიანები დაიკარგნენ და ვერ მოახერხეს ხელის მოწერა იმ დოკუმენტზე, რომელიც საჭიროა იმპიჩმენტისთვის. ვინმესთან თუ სურთ წარმოჩინდნენ ოპოზიციურ პარტიად, დროზე მოახდინონ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა, რადგან დროულად დავიწყოთ პროცედურები“, – განაცხადა ბოტკოველმა.