გიორგი ბაჩიაშვილი - უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ, ეს არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია

გიორგი ბაჩიაშვილი

უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ. საკუთარი სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამედ ერთადერთი საღი გამოსავალია, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბაჩიაშვილი აღნიშნავს, მისი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია

„ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული მორიგი შეთითხნილი, ხანდაზმული და კანონთან შეუსაბამო პროცესი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს. ამ უსამართლობას ხელმძღვანელობენ სანქცირებული ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, მათ შორის: მოსამართლე გიორგი გელაშვილი, სასამართლოს ხელმძღვანელები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე, მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე. თითოეული მათგანი, ვინც ამ პოლიტიკურ რეპრესიაში და გამოძალვაშია ჩართული, უკვე სანქცირებულია ცივილიზებული სამყაროს მთავრობების მიერ. ეს არ არის სამართლებრივი სისტემა, სადაც ჭეშმარიტება იმარჯვებს და არც სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეჯახები ივანიშვილის კორუმპირებულ მანქანას. გარდა ამისა, მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემი უსაფრთხოების რეალური საფრთხეების შესახებ – საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება, სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში, სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტვა შემომითვალა.

ვუცხადებ სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩემი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ამ ბრძოლაში, ჩემი გარეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება. სამწუხაროდ, ამ არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს. ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, ვერ გაგვტეხენ და ვერ შეგვაჩერებენ, რადგან ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არასდროს ექნებათ – ჩვენ გვაქვს სიყვარული“, – წერს ბაჩიაშვილი.