გიორგი არსოშვილი: ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მზადყოფნაში, რომ ნებისმიერ მოქალაქეს აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება

გიორგი არსოშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, გადაცემა „იმედის დილაში“ 112-ის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

გიორგი არსოშვილმა ცენტრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე -  112-ის მობილურ აპლიკაციაზე გაამახვილა ყურადღება. 

„112-ის მობილური აპლიკაციის გადმოწერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. აპლიკაციას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორიც არის კონკრეტული ლოკაციის იდენტიფიკაცია.

თუ ჩვენ მობილურ აპლიკაციაში გააქტიურებული გვაქვს ლოკაციის დაშვების ფუნქცია, შესაბამის სამსახურებს შეუძლიათ კონკრეტულ მისამართზე უმალვე მოახდინონ რეაგირება. 
აპლიკაციას აქვს სხვა ფუნქციებიც, როგორიც არის SOS ღილაკი და ჩატის ფუნქცია. ჩატის ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახური ძალადობის შემთხვევებისას,  რა დროსაც მოქალაქეს  112-ის ოპერატორთან არა სატელეფონო საუბარი, არამედ მიმოწერა შეუძლია. 
აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ აპლიკაცია ხელმისაწვდომია 5 ენაზე: ქართულ, ინგლისურ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მზადყოფნაში, რომ ნებისმიერ მოქალაქეს აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება“,  - განაცხადა გიორგი არსოშვილმა „იმედის დილის“ ეთერში.

ცნობისათვის, მობილურ აპლიკაციას ასევე გააჩნია 112-ში ვიდეოზარით განხორცილების ფუნქცია, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე - ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია უფასოა, გააჩნია IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.