გია ვოლსკი: საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა გამოიხატება იმ ცუდ პრაქტიკაში, რასაც ჰქვია რევოლუციური პროცესების წახალისება და ფინანსური რესურსით უზრუნველყოფა

გია ვოლსკი

ევროპარლამენტში წარმოუდგენელი ატმოსფერო შეიქმნა, მრავალრიცხოვანი „სახალხო პარტიის“, „ალდეს“ დიდი ნაწილი სიტუაციაში საერთოდ ვერ ერკვევა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ამ ჯგუფის მეთაური რგოლი, რომელიც 2012 წლიდან დაპირისპირებულია იმ ხელისუფლებასთან, რომლის პოლიტიკა მათ არ აწყობთ.

„2012 წლამდე ადამიანების ხოცვა-ჟლეტვა იყო და ადამიანის უფლებები ირღვეოდა, თუმცა ამის მიუხედავად, მხარს უჭერდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ახლაც მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერენ. რასაკვირველია, ამას რეზოლუციებსა და გამოსვლებზე თავისი კვალი აქვს, მაგრამ საღი აზრიც გამოჩნდა. საქართველოსთან მიმართებაში რაც ხდება, მხოლოდ შიდა საქმეებში ჩარევა და ორმაგი სტანდარტი არ არის, შიდა საქმეებში ჩარევის რესურსი, რომელიც „სახალხო პარტიას“ გააჩნია, მნიშვნელოვნად შემცირებულია, რადგან მნიშვნელოვნად არის შემცირებული ექსტრემიზმის მხარდაჭერა საზოგადოებაში. ექსტრემიზმის წახალისებაა და ამას შიდა საქმეებში ჩარევას დავარქმევთ თუ კონკრეტული მიზნისთვის ბრძოლას, ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხია, მაგრამ ფაქტია, შიდა საქმეებში ჩარევა გამოიხატება იმ ცუდ პრაქტიკაში, რასაც ჰქვია საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება და ფინანსური რესურსით უზრუნველყოფაც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.