გია გაჩეჩილაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის - „არ აგარევინებთ!“ დაწყება დააანონსა

გია

არ აგარევინებთ! - ასეთი სულისკვეთება ექნება ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომლის დაწყებაც გია გაჩეჩილაძემ ბრიფინგზე დააანონსა.

„ეს იქნება მოძრაობა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ომისა და ომის გამჩაღებლების წინააღმდეგ, რადგან მშვიდობისთვის ბრძოლა დღეს არის ქვეყნის განვითარების უპირველესი პირობა. კეთილგონიერება, ზომიერება და პრაგმატიზმი - აი რა გვჭირდება დღეს და არა ფსევდო პატრიოტიზმით გაჯერებული ხმამაღალი განცხადებები!“ - აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი მოძრაობის „აი ია“ დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან ორკესტრირებული მოქმედებების მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ჩვენი ქვეყნის ომის პოლიგონად გადაქცევა, აშკარაა, რომ იწყება რევოლუციური სცენარების ამუშავება, რაზეც მეტყველებს ბაკურიანში თანამედროვე რევკომის შეკრება.

„გვინდა ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ ქვეყანას არ აგარევინებთ! ქართული საზოგადოება არ დაუშვებს ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურობის გზიდან გადახვევას. ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ასევე, ხელისუფლების მოვალეობაა ადეკვატური სამართლებრივი პასუხი გასცეს ყველას, ვინც ყველანაირი დაწერილი თუ დაუწერელი კანონების დარღვევით ცდილობს ქვეყნის არევას იქნება ეს დესტრუქციული ოპოზიცია, ომში მოპარული ფულით დაფინანსებული ე.წ. მედიები თუ სატელიტი ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები.

სახეზეა, რომ ეს გაკოტრებული და გამარგინალებული ძალები , უკრაინის ტრაგედიასაც კი საკუთარი ვიწრო პარტიული მიზნებისთვის იყენებენ და მხოლოდ არეულობაში ხედავენ რევანშის განხორციელების შანსს. 
უნდა დასრულდეს ამ ძალების ზღვარგადასული დესტრუქცია, რაც უკვე წლებია არყევს ქვეყანას და მუდმივ ტურბულენციაში გვაცხოვრებს!

ჩვენ გვაქვს კითხვები ხელისუფლებასთან: რატომ არ ხდება ქვეყანაში ცილისწამების ნიაღვრის და ბულინგის აღკვეთა ევროპული ცივილიზებული კანონმდებლობით, ეს ხომ დესტრუქციის და არევის მთავარია იარაღებია დღეს; რატომ აძლევენ საქართველოში შემოსვლას უფლებას გავრილოვს, აკერმანს თუ დესტრუქციის მატარებელ სხვა პირებს, რომლებიც პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანას და მის სუვერენიტეტს.

ჩვენ გვაქვს კითხვები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩთან ქალბატონ კელი დეგნანთან; იცის თუ არა მან ბატონი პიტერ აკერმანის საქართველოში ვიზიტის შესახებ და როგორც ჩვენი მეგობარი , რას ეტყვის ქართულ საზოგადოებას აღნიშნულთან დაკავშირებით?

ვრჩებით რა ქართველი ხალხის ისტორიული ევროპული არჩევანის ერთგულები და სოლიდარულები ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხისადმი, მოვუწოდებთ საზოგადოებას სიფხიზლისა და გაერთიანებისთვის ქვეყნის არევის წინააღმდეგ, მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რათა ქვეყნის შიდა თუ გარე დესტრუქციულ ძალებს არ მივცეთ საქართველოს ომის პოლიგონად გადაქცევისა და რევოლუციური სცენარებით ქვეყნის არევის საშუალება“,- აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ და ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის - „არ აგარევინებთ!“ დაწყება დააანონსა. მოძრაობის საქმიანობა იქნება საჯარო და მის მიზნებსა და კონკრეტულ გეგმებზე ინფორმაცია საზოგადოებას მალე მიეწოდება.