გია ბარამიძე: 4 ოქტომბრის აქციაზე ჩვენი მოქმედება, როგორც 13 წლის განმავლობაში იყო, იქნება მშვიდობიანი

გია ბარამიძე

4 ოქტომბრის აქციაზე ვიქნებით ჩვენი ოჯახების მოხუც წევრებთან ერთად, ახალგაზრდებთან, ბავშვებთან, ჩვენი მოქმედება, იქნება მშვიდობიანი, ნებისმიერი სხვა ტიპის მოქმედება, რომელიც მიმართული იქნება ძალადობისკენ, არის მიუღებელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე პროვოკატორი თუ იქნება და ისეთ რამეს ჩაიდეს, რაც მშვიდობიანი პროტესტის პროცესს შეეწინააღმდეგება, აგებს პასუხს საზოგადოებისა და კანონის წინაშე.

„ჩვენი ბრძოლის გზა, მეთოდი ყოველთვის იყო, არის და იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი, რადგან საქართველოში ძალადობა არის რუსეთის სტილი. ამ წლების განმავლობაში ბევრი ადამიანი სცემეს, თვალები დათხარეს, მიიყვანეს სიკვდილამდე. ჟურნალისტები, რომელთა თავებზეც დახტუნავდნენ რეჟიმის გამოგზავნილი ტიტუშკები. გამოძიებული არცერთი საქმე არ გვინახავს. სამოქალაქო დაპირისპირება და ძალადობა სწორედ რუსეთს უნდა, იყოს არეულობა, ქაოსი, რომ მერე ილაპარაკოს ქვეყნის შეუმდგარობაზე. ჩვენ 4 ოქტომბერსაც ვიქნებით მშვიდობიანები, ჩვენი ყველა მოქმედება იქნება არაძალადობრივი, მაგრამ 4 ოქტომბერი ნამდვილად მჯერა, რომ იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება, თუ ძალიან ბევრნი ვიქნებით, ერთიანი და რეჟიმს ერთად ვეტყვით წადის“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

მისი თქმით, 4 ოქტომბერს ხალხის თავყრილობა იქნება, რომლის ინიციატორია პაატა ბურჭულაძე და მოძრაობა „რუსთაველის გამზირი“, ეს არ იქნება პოლიტიკური აქცია.

„ბატონი პაატა როგორც აანონსებს, ეს არის სახალხო შეკრება. ჩვენ შევუერთდით მის მოთხოვნას, რომ რეჟიმი მშვიდობიანად წავიდეს და დასრულდეს. ამ აქციაზე ჩვენ ვიქნებით ჩვენი ოჯახების მოხუც წევრებთან ერთად, ახალგაზრდებთან, ბავშვებთან და ჩვენი მოქმედება, როგორც აქამდე, 13 წლის განმავლობაში იყო, 4 ოქტომბერსაც იქნება მშვიდობიანი. ნებისმიერი სხვა ტიპის მოქმედება, რომელიც მიმართული იქნება ძალადობისკენ, არის მიუღებელი. ყველა ადამიანი საკუთარ ქმედებაზე თავადაა პასუხისმგებელი, თუ რეჟიმმა ეს პროცესი წარმართა არამშვიდობიანად, ეს იქნება ამ რეჟიმის ბრალი. ვინმე პროვოკატორი თუ იქნება და ისეთ რამეს ჩაიდეს, რაც ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის პროცესს შეეწინააღმდეგება, როგორც მოქალაქე აგებს პასუხს საზოგადოებისა და კანონის წინაშე“, – განაცხადა გია ბარამიძემ.