ჯარიმა 500-დან 6000 ლარამდე - ვის შეეხება 1 ივნისიდან ახალი რეგულაცია
1780260672
გერმანია საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელს არ იბარებს - "ქართულ ოცნებაში" ოფიციალური ბერლინის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ იაფფასიან პოლიტიკურ ნაბიჯებზე საუბრობენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დიპლომატიის ისტორიას არ ახსოვს ფაქტი, ქვეყანას ელჩისთვის აგრიმანი მიეცა, შემდეგ კი აკრედიტაცია - არა. 8 თვეა ალექსანდრე კარტოზია პროცედურის დასრულების მოლოდინშია. ამ თემაზე გერმანიის საგარეო უწყება განმარტებებს არ აკეთებს, ისევე როგორც უკვე რამდენიმე თვეა საიტზე არ ცვლის მონაცემებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილია მითითებული.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის თქმით, გერმანული დიპლომატიის ქმედებები საქართველოს მიმართ ისტორიაში როგორც ანტიმაგალითი ისე შევა - იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი არ უნდა იყოს დიპლომატიური ქცევა. პარლამენტარი მაგალითად ასახელებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებპორტალს, სადაც მისი თქმით, წელიწადზე მეტია სალომე ზურაბიშვილს ჯერ კიდევ პრეზიდენტად აღიარებენ.
"გერმანული დიპლომატიის ქმედებები საქართველოს მიმართ დიპლომატიის ისტორიაში შევა როგორც ანტიმაგალითები, თუ როგორი არ უნდა იყოს დიპლომატიური ქცევა. ჩვენ ამას ვხედავთ უკვე თვეებია და წელიწადზე მეტია მათ ვებპორტალთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსი, სადაც ისინი ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ პრეზიდენტთან, და ახლა ეს ფაქტიც მეტყველებს იმ დეკადაზე სინამდვილეში, რომელიც გერმანიის დიპლომატიას დღეს აქვს. ძალიან სამწუხარო არის, რომ ეს გერმანელი ევრობიუროკრატები საკუთარ ამბიციებს და პირად ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე იმ ურთიერთობებს და იმ მნიშვნელოვან ისტორიას, რომელიც ჩვენს ქვეყნებში ამ მხრივ არსებობს", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.