ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა დაკავებულების საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილია
1736520434
გერმანელ პარლამენტარებს ტყუილის ტირაჟირება უწევთ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის უგულებელყოფისა და აქ არსებული რეაქციული ძალების კვლავ ხელისუფლებაში მოსვლის მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თურმე შესაძლებელია, თეთრზე ითქვას შავი და დროა, ყველამ კარგად აღიქვას, რაც ხდება ქვეყანაში.
„ეს ხომ ისეთი ფაქტია, რომელიც მსოფლიომ დაინახა. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იყო გრძელვადიანი მისია გახსნილი, კონკრეტული განცხადებაა გაკეთებული შესაბამისი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, სადაც საუბარია, ვინ იქნება თავმჯდომარე, როგორ გადანაწილდებიან ამ ორგანიზაციის თანამშრომლები საქართველოს მასშტაბით, როგორ მოახდენენ დაკვირვებას. ამ ყველა პირობის გათვალისწინებით მაინც ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება უწევთ გერმანელ პარლამენტარებს. დროა, ყველა გონს მოეგოს და კარგად აღიქვას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. სიმართლეა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ხალხმა რეალურად საკუთარი არჩევანით გააკეთა. ეს არის ის, რაც მოხდა არჩევნებზე. ამიტომ ყველა შეეგუოს შედეგს და იმ სამომავლო მოქმედებაში მხარდაჭერა გამოუცხადოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს დაგეგმილი საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის.
ის, რაც ჩანს შეუიარაღებელი თვალით, ის, რაზეც კითხვის ნიშნები არ უნდა დაისვას დღევანდელ მოცემულობაში, თურმე შესაძლებელია, თეთრზე ითქვას შავი. აქცია, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“, პიროტექნიკის დამიზნებით სროლით, ხალხის დაწვით და პარლამენტის სასახლის დაწვის სურვილით იყო გაჯერებული, თურმე შესაძლებელია მოინათლოს მშვიდობიან აქციად. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იყო თავისუფალი და დემოკრატიული, რომელსაც ასეთი შეფასება მისცა ყველაზე მნიშვნელოვანმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ეუთო/ოდირმა, თურმე არ არის დემოკრატიული და თავიდან უნდა გაიმართოს. ეს ის მიდგომაა, რაც არსებობს საქართველოსთან მიმართებით და უნდა შეწყდეს, დასრულდეს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილებას პატივისცემით უნდა მოეკიდოს ყველა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ბუნდესტაგის ოთხი საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, თითქოს არჩევნებზე ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები არ იყვნენ დაშვებული. ამასთან, ეუთო-ს მიერ 2024 წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზში კი ნათქვამია, რომ ეუთო-ს მისიაში 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი შედიოდა.