გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბოტანიკურ ბაღში მეტყევის დღის აღნიშვნის ღონისძიება გაიმართა

დავით სონღულაშვილ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბოტანიკურ ბაღში მეტყევის დღის აღნიშვნის ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

"მოგეხსენებათ, ტყე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანძურია, რომელსაც დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. ტყის დაცვა და აღდგენა ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებაა. მხოლოდ და მხოლოდ მეტყევის გვერდში დგომით არის ჩვენი გეგმების განხორციელება შესაძლებელი; მათთან ერთად არის შესაძლებელი, მოვუფრთხილდეთ ჩვენს უნიკალურ საგანძურს და შევუნახოთ ჩვენს მომავალ თაობას. მეტყევეებს ვულოცავ პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

წარმატებული საქმიანობისთვის სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცათ ეროვნული სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და აჭარის ა/რ სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს. ღონისძიებაზე სატყეო დარგში მოღვაწე სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებიც დაჯილდოვდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, დამსახურებული მეტყევის სტატუსი მიენიჭა დარგის ღვაწლმოსილ მეტყევეებს და მათ სპეციალური ჯილდო გადაეცათ.

აღინიშნა, რომ, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, სატყეო რეფორმის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, რამაც ხელშესახები შედეგები მოიტანა ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვის მიმართულებით. ყველა განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობის მიზანია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი სიმდიდრის - ტყის დაცვა; ამავდროულად, სწორად მართულმა სატყეო სექტორმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მინისტრმა დავით სონღულაშვილმა არა მხოლოდ გააგრძელა მეტყევის დღის აღნიშვნის ტრადიცია, არამედ მისი მხარდაჭერით ტყის რეფორმის ფარგლებში ბოლო პერიოდში განხორციელდა და იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე.
ღონისძიებაზე ვიდეორგოლის "მე მეტყევე ვარ" პრეზენტაციაც გაიმართა.

მეტყევის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური წრის და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.