„განათლების რეფორმის მთავარი მიზანი არის ხარისხის უზრუნველყოფა" - მარიამ ლაშხი

მარიამ ლაშხი

 საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით იწყებს განათლების რეფორმის განხილვას. ცვლილებების მიხედვით, ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით, ახალი, რეგიონული განათლების ცენტრი შეიქმნება, რეფორმების შემდეგ კი საქართველოს მაჩვენებელი საერთაშორისო რეიტინგებში უნდა გაიზარდოს.

განათლების სისტემური რეფორმა, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გარდა, სხვა ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა სასკოლო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები. პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას დეპუტატები მომდევნო კვირას დაიწყებენ. საკითხმა ჯერ ბიურო და საკომიტეტო მოსმენები უნდა გაიაროს, რის შემდეგაც კანონმდებლები ცვლილებათა პაკეტს საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ცვლილების მიზანი ხარისხის უზრუნველყოფაა.

"განათლების რეფორმის მთავარი მიზანი არის ხარისხის უზრუნველყოფა. ბევრი წუხილი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ გაერთიანებით მოხდება რომელიმე უნივერსიტეტის დისკრედიტაცია - ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

გაერთიანების მთავარი არსი არის ის, რომ უზრუნველვყოთ ხარისხიანი განათლება, გაძლიერდეს თითოეული მიმართულება, ასევე თანხვედრაში იყოს განათლების რეფორმის მთავარ პრინციპთან, რაც არის ერთი ფაკულტეტი/ერთი ქალაქის პრინციპი", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.