გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისს აკეთებს - NDI

NDI

„გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისს აკეთებენ“, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია აღნიშნული.

გამოკითხულთა 51 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტი საკმარისს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, ხოლო 53 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისს აკეთებს საქართველოს მთავრობა.

ამასთან, გამოკითხულთა 33 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტი მეტს უნდა აკეთებდეს უკრაინის მხარდასაჭერად, ხოლო 32 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მეტი უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ.

კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად მეტის გაკეთებას ყველაზე უფრო ახალგაზრდა მოქალაქეები, თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები ითხოვენ.

NDI-ის მონაცმებით, აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.