1731662081
გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და ოპოზიციას მოუწევს, პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველთან აღიაროს, თუ რა დონის სიცრუეს და ტყუილს კადრულობდა ის მათ წინაშე - რატი იონათამიშვილი
გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და ოპოზიციას მოუწევს, პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველთან აღიაროს, თუ რა დონის სიცრუეს და ტყუილს კადრულობდა ის მათ წინაშე, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.
„დღეს უკვე ჩვენს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გამოძიება საკმაოდ მაღალი სტანდარტით და გამჭვირვალედ მიმდინარეობს, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყოდით რადიკალურ ოპოზიციაზე, რომელიც ყველაზე უფრო გაუმჭვირვალეა, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველთან, როდესაც გეგმასაც ვერ უზიარებს. მაგრამ რა უნდა გაუზიაროს. მათ არც მტკიცებულებები გააჩნიათ, არც გეგმა. თუ რამეა ყალბი დღეს ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ეს „ნაცური„ ოპოზიცია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.