გახსნილი ვართ საიმისოდ, რომ უკლებლივ ყველა მოსაზრება, რომელიც უკავშირდება 12 პუნქტს, მოვისმინოთ - მიხეილ სარჯველაძე

სარჯველაძე

პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა იწყება, რომელზეც ახალი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფი საპარლამენტო კონტროლს გაუწევს ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ხელისუფლება მზად არის, უკლებლივ ყველა მოსაზრება, რომელიც 12 პუნქტს უკავშირდება, მოისმინოს.

"ჩვენ ვმუშაობთ, გახსნილი ვართ საიმისოდ, რომ უკლებლივ ყველა მოსაზრება, რომელიც უკავშირდება 12 პუნქტს, მოვისმინოთ და ამასთან დაკავშირებით მივიღოთ გადაწყვეტილება. რა ფორმით იქნება ეს ყველაფერი, ამას დრო გვაჩვენებს. ამ წუთას ძირითადი ცენტრი, სადაც იკრიბება მოსაზრებები 12 პუნქტთან დაკავშირებით, შექმნილია. ხელისუფლება ამ გეგმას სწრაფი გეგმით მიჰყვება, სადაც ჩართულია ოპოზიციის ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი უარზეა. თუ ოდესმე მიხვდებიან, რომ მათ მიერ დაშვებულია უხეში შეცდომა, როდესაც ისინი პროცესს გაემიჯნენ და დაუბრუნდებიან ამას, ეს იქნება შვებულებების შემდეგ, მანამდე თუ როდის იქნება, რასაკვირველია, ნებისმიერი ფორმით ექნებათ შესაძლებლობა, რომ მოსაზრებები წარმოადგინონ," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.