ფოტოები საერთაშორისო მედიაში რომ დაიბეჭდა, ერთ-ერთ შეხვედრაზე, მაშინდელ ე.წ. აღმაშენებელს აჩვენეს, რომ ასეთი ფოტოები გამოქვეყნდა- მიშას [სააკაშვილს] ბრძანება გაუცია, ვინც იმ დღეს იღებდა, ფოტოგრაფები ყველა დაიჭირეთო - გიორგი აბდალაძე 2011 წლის 26 მაისის აქციაზე

აბდალაძე

„ვიფიქრე, რომ გავრიდებოდით [სიტუაციას]. ჩავედით ოფისში და იქიდან გადავაგზავნეთ ფოტოები საერთაშორისო მედიაში. მე როგორც მომიყვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, როდესაც საპატიმრო დავტოვეთ, ამ ფოტოებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია“- განაცხადა ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება.

გიორგი აბდალაძე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შესახებ საუბრობს და ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის მონათხრობს იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები აჩვენეს, იმ ფოტოგრაფების დაჭერის ბრძანება გასცა, ვინც იმ დღეს იღებდა.

„პოლიციელები როდესაც ხელბორკილს ადებენ, მერე ვალდებულება ეძლევათ, რომ პირველადი დახმარება უნდა აღმოუჩინონ თუ რამე მძიმე დაშავება აქვს მიღებული ადამიანს და ესენი რომ უმოწყალოდ სცემდნენ ამან გამოიწვია ყველაზე დიდი რეზონანსი. როგორც მე მითხრა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ეს საერთაშორისო მედიაში რომ დაიბეჭდა, ერთ-ერთ შეხვედრაზე, თურმე მაშინდელ ე.წ. აღმაშენებელს, როგორც უწოდებენ დღეს ზოგ-ზოგიერთები და ამბობენ, რომ მან დააარსა სახელმწიფო, თურმე მას აჩვენეს, რომ ასეთი ფოტოები გამოქვეყნდა საერთაშორისო მედიაში. მეორე დღეს ისე ჩაატარეს აღლუმი და ისე დაარიგეს ის ღირსების ორდენები, ერთი სიტყვაც არ უთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხი არის დაღუპული, ნაცემი, ნაწამები. მიშას უთხრეს ეს ამბავიო და მას ბრძანება გაუციაო, ვინც იმ დღეს იღებდა ფოტოგრაფები ყველა დაიჭირეთო, ასე მომიყვა ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა შემდეგ, როდესაც ეს ფოტოები აჩვენეს“-განაცხადა გიორგი აბდალაძემ.