რა ინფორმაცია ვრცელდება მოლდოვიდან, სადაც დღეს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

არჩევნები მოლდოვა

მოლდოვაში საარჩევნო უბნები ოფიციალურად დაიხურა და ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 52 პროცენტი შეადგინა. საარჩევნო უბნებზე ხმა 1 597 015-მა ამომრჩეველმა მისცა.

ცნობისთვის, წინა საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 48.51 პროცენტი იყო.

მოლდოვის მოქალაქეები ოთხწლიანი ვადით ირჩევენ პარლამენტის 101 წევრს. მიმდინარე არჩევნებში მონაწილეობს ერთი პარტია, ოთხი საარჩევნო ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი.

დღის განმავლობაში გავრცელდა ცნობები კენჭისყრის ჩაშლის მცდელობებთან დაკავშირებით. საუბარია როგორც საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ კიბერშეტევებზე, ასევე მოლდოვასა და მის ფარგლებს გარეთ განთავსებულ საარჩევნო უბნებზე ბომბის აფეთქების შესახებ გავრცელებულ ცრუ შეტყობინებებზე.

მმართველი, პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS), რომელიც პრეზიდენტ მაია სანდუმ დააარსა, ცდილობს პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნებას.

დასავლური მედიასაშუალებების ცნობით, PAS-ს სერიოზული კონკურენციის შექმნა შეუძლია პრორუსული ორიენტაციის ოპოზიციურ ჯგუფს — „პატრიოტულ ბლოკს“, რომლის უმსხვილეს პარტიასაც „სოციალისტები“ წარმოადგენენ. მათი ლიდერი, იგორ დოდონი, სანდუმ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა.