1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გვინდა, რომ დავამკვიდროთ მთის კვირეული, იმისთვის, რომ ყოველწლიურად ტრადიციულად გაიმართოს მთაში მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ომალოში, მთის კვირეულის ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვიმყოფები თქვენთან ერთად. მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს და ჩვენს ძვირფას თუშებს. მინდა განსაკუთრებული სიყვარულით მოგესალმოთ ყველას, ძვირფასო თუშებო და მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ თუშეთობას და სიმბოლურად, სწორედ თუშეთში ვიწყებთ მთის კვირეულს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ინიციატივით, გვინდა, რომ დავამკვიდროთ მთის კვირეული, იმისთვის, რომ ყოველწლიურად ტრადიციულად გაიმართოს მთაში მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები.
ამ არაჩვეულებრივ ადგილას, თუშეთში, ჩვენი სურვილია, რომ ძალიან ბევრი დამსვენებელი, ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ. რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი ინვესტიციების განხორციელება მთაში, მეტი ყურადღების მიქცევა. ამისთვის, ჩვენ, გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ მთის კანონიც მივიღეთ, დაწესდა მთელი რიგი შეღავათები მთაში მცხოვრებთათვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, კიდევ უფრო მეტად უნდა მოვუაროთ მთას, ჩვენს სიამაყეს და კიდევ ერთხელ, მინდა, რომ ყველა მთაში მცხოვრებ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის ნამდვილი გმირობა, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ ამ ულამაზეს ადგილას და იცით, რომ მთელი 6-7 თვე აქ იკეტება მოძრაობა და ზამთრის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ვერტმფრენით. მინდა ჩვენს თუშებს განსაკუთრებული სიყვარულით კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, მოგილოცოთ თუშეთობა და გისურვოთ მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა“, - განაცხადა პრემიერმა.
მთის კვირეული თუშეთში, ყაზბეგში, სვანეთსა და რაჭაში საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იმართება. წელს პირველად, ფესტივალის ფარგლებში ხინკლის დღეები მოეწყო.
მოქალაქეები გაეცნენ მთის ხინკლის ისტორიას, საფესტივალო სივრცეში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული შემეცნებითი კუთხე, ასევე სტუმრები დაესწრნენ ქსოვისა და რეწვის გაკვეთილებს. თუშეთსა და ყაზბეგში ცნობილმა შეფებმა, ლევან კობიაშვილმა, დიმიტრი შარაშიძემ და ესმა კუნჭულიამ ადგილობრივ მზარეულებთან ერთად ხინკლის მომზადების მასტერკლასები და ადგილობრივი კერძების დეგუსტაცია ჩაატარეს.
ადგილზე ასევე ცოცხალი ლუდი მომზადდა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სპორტული აქტივობები და შემეცნებითი ტურები. მთის დღეების მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები, როგორებიც არიან: “ბანი”,”გუფილენდი“, “ჩვენებურები და ლელა ნაყეური”, ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი, “რეზო და ბავშვები”. სტუმრები ღამეს სპეციალურად მოწყობილ კემპინგის ზონაში გაათენებენ.
23 ივლისს მთის დღეები გაიმართება მესტიასა და შოვში, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი პროგრამა,ადგილობრივი კერძების მასტერკლასები და დეგუსტაცია.